მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაცია BRAVE CF-ში 18 აპრილს უმაგრესი ბრძოლები გაიმართება. მთავარი ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან რაულ თუთარაულსა და ყაზახ მებრძოლ ოლჟას ესკარაევს შორის გაიმართება, გამარჯვებული კი ჩემპიონს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ყირგიზ კუბანიჩბეკ აბდისალამ ულუს დაუპირისპირდება. BRAVE CF-ში რაულმა სატიტულო ჯახი უკვე გამართა, თუმცა შესანიშნავი პერფორმანსის მიუხედავად, მსაჯებმა გამარჯვება ჩემპიონს, ანუ ულუს მიანიჭეს. ამ ბრძოლის გადაწყვეტილებას ბევრი არ დაეთანხმა, რადგან ყირგიზმა კითხვის ნიშნები დატოვა და სწორედ ამიტომ რაულს ძლიერი კონტენდერი შეურჩიეს, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც რაული ულუსთან რემატჩს გამართავს.
ესკარაევი დგომის მებრძოლია, რომელიც შეტევებისთვის ძირითადად ფეხებს იყენებს. იგი მემარცხენე მებრძოლია და ხშირად ცდილობს, რომ მისი მეტოქე წერტილოვანი დარტყმებით დააზიანოს და არა კომბინაციებით. მარჯვენა ფეხი მას ძალიან წინ უდგას და ხშირად არის მეტოქეების სამიზნე და ხშირადაც უზიანებენ ხოლმე. თუმცა, არის მომენტები, რომ ოლჟასი ამ მომენტს ელოდება და მარცხენათი ცდილობს შეხვდეს მსგავს ლოუ ქიქებს.
ჭიდაობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, მისი დგომიდან პარტერში გადაყვანა შესაძლებელია, თუმცა უშუალოდ გრეპლინგში საკმაოდ კარგია. აქვს გამარჯვებები სხვადასხვა ილეთებით მიწაზე და საკმაოდ კარგად ახერხებს სხვადასხვა სიტუაციებიდან პოზიციის მოგებას. ის ძალიან გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მებრძოლია. თუთარაულთან მას სიმაღლეში 10-სანტიმეტრიანი უპირატესობა ექნება.
Tapology-ს ექსპერტების აზრით, ამ ბრძოლაში რაული დიდი ფავორიტია. 191 მომხმარებლიდან 93% რაულის გამარჯვებას ვარაუდობს. მათი 18% კი რაულის ნოკაუტს ელის.
ამავე ქარდზე უნდა ებრძოლა ბიძინა გავაშელიშვილსაც. ბიძინა რთულ სიტუაციაშია. მის ბრძოლას მეტოქეები გამუდმებით ეხსნებიან. წინა ივენთის ქარდზეც გაუუქმდა ბრძოლა, ხვალინდელ ივენთზეც იგივე განმეორდა. ბიძინას ბრძოლის კვირაში ჩაეხსნენ, რაც ძალიან დასანანია მებრძოლისთვის, რადგან სრული კემპი მას უკვე გავლილი ჰქონდა, წონის კლებაც დაწყებული ჰქონდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრძოლა ჩაეტარებინა.
ამდენი შრომა არ იკარგება და ბიძინა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, როგორც კი ამის შანსი მიეცემა, თუმცა, საინტერესოა როგორ შეცვლის ეს სიტუაციას. როდესაც ბიძინა ყველა ბრძოლას თანხმდება მასთან ბრძოლაზე კი ამდენი მეტოქე ამბობს უარს, აუცილებელია, რომ მას მისცენ ისეთი ბრძოლა, რომელსაც ვერავინ გაექცევა - ამისთვის ორი ვარიანტია:
1. - სატიტული ჯახი BRAVE CF-ის ქამრისთვის. ჩემპიონი ვალდებულია ქამარი ტოპ კონტენდერის წინააღმდეგ დაიცვას და ბიძინა არის ნამდვილად #1 კონტენდერი.
2. - მეორე ვარიანტი მუჰამად მოკაევთან ჯახია, რომლის სახელიც ბიძინამ ბევრჯერ ახსენა. მოკაევი სატიტულო ბრძოლაზე დიდი ლუკმაა, რადგან მისი სახელი სახალხოდ ცნობილია, ბოლოს და ბოლოს UFC-ში მისი რეკორდი 7 მოგებასა და 0 მარცხს მოიცავს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი ბიძინასთვის და ვინ შეძლებს მასთან გალიის გაზიარებას.
ამავე ქარდზე იბრძოლებენ ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენლები, დავით ლორთქიფანიძე და ჯუბა ბერიძე.
ამ ორ მებრძოლზე ჩემს საავტორო რუბრიკაში - გაიცანი ქართველი მებრძოლი - დეტალურად გესაუბრეთ და მოგიყევით, რომ საქმე პოტენციურ ვარსკვლავებთან გვაქვს. ხვიჩა ქორიძის შეგირდებმა წელს უკვე ორი გამარჯვება მოიპოვეს ჩინეთში, ახლა კი კიდევ ორი მოსწავლე ემზადება ქართული დროშის ასაფრიალებლად.















