ქართველ მოქანდაკეს, გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა.
საზეიმო შეხვედრა საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში გაიმართა, რომელიც სიმბოლურად ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას დაემთხვა.
სწორედ ოლიმპიის მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრშია აღმართული გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება - „მშვდობის ჩირაღდანი.“
აღნიშნული ქანდაკება 1992 წლის 5 ივნისს (ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების დღეს) გაიხსნა, ახალდაარსებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით და ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებით.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგენითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ოლიმპიის მერიამ გიორგი შხვაცაბაიას საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა.
ქართველ მოქანდაკეს შესაბამისი სიგელები ოლიმპიის მერმა, არისტიდის პანაიოტოპულოსმა გადასცა.
"სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვენს უძველეს ქალაქს, მის ცენტრალურ მოედანს ამშვენებს ქართველი მოქანდაკის შესანიშნავი ქმნილება. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაზლებლობა მერიისა და ჩვენი თანამოქალაქეების სახელით მივესალმო ბატონ გიორგის და მივულოცო ეს აღიარება," - განაცხადა არისტიდის პანაიოტოპულოსმა
ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას მიმართა შსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:
„ოლიმპიაში „მშვიდობის ჩირაღდანი“ აღიმართა 1992 წლის 5 ივნისს, იმავე დღეს კი აქვე, ზევსის ტაძრის ნანგრევებთან აინთო ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი. მე სწორედ ბარსელონაში მოვიპოვე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და, ბუნებრივია, ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს 1992 წლის ამბებს. მივესალმები ოლიმპიის მერიის გადაწყვეტილებას და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით.“
ცერემონიას ასევე დაესწრნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები - დავით ჯალაღანია და ვარლამ ბაძაღუა, პროფესორი ზურაბ შხვაცაბაია.
საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ცერემონიას, რომელიც უამინდობის გამო ამჯერად გაიმართა არა ტრადიციულ ადგილას - ზევსის ტაძრის ნანგრევებთან, არამედ დახურულ სივრცეში - ანტიკური ოლიმპიის არქეოლოგიის მუზეუმში.














