22 მარტს ლონდონში გასამართ UFC Fight Night 270-ზე რომან დოლიძის მეტოქე კრისტიან ლეროი დანკანი იქნება. ამ ივენთის დაწყებამდე, გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა ოქტაგონში ერთმანეთის პირისპირ ქართველი და ინგლისელი მებრძოლები აღმოჩენილან.
ბენო ადამია V სემ კრისი | OKTAGON 67, ტრშინეცი, ჩეხეთი | 22/02/2025
კრისისთან ბრძოლამდე, ადამიას OKTAGON-ში ჩატარებული ჰქონდა ორი ჩხუბი და მისი მესამე გამოწვევა უმსუბუქეს წონით დივიზიონში უკვე საჩემპიონო დუელი აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩხუბს, 5-რაუნდიანი თანაბარი დაპირისპირების შემდეგ, მოგება სფლით დისიჟენით ქართველ მებრძოლს დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მეხუთე რაუნდის დაწყების წინ, ორი მსაჯის აზრით, ბრძოლა იყო თანაბარი, მესამე არბიტრმა კი გამარჯვებულად ბენო დაასახელა. ჩვენი ჩემპიონი ქამარს 57 კილოგრამ წონით დივიზიონში ინარჩუნებდა 2025 წლის თებერვლიდან-იმავე წლის ივნისამდე, შემდეგ კი მან ჟალდას ჟუმაგულოვთან წააგო.
გიგა ჭიკაძე V არნოლდ ალენი | UFC 304, მანჩესტერი, ინგლისი | 27/06/2024
ბრძოლა, რომელშიც ჭიკაძე ალენის მშობლიურ მიწაზე დამარცხდა. კელვინ კატართან წაგების, მოგვიანებით რეაბილიტაციისა და ალექს კასერესთან მოგების შემდეგ, ქართველ მებრძოლს ხმაურიანი ქამბექი სწორედ ინგლისელ მოწინააღმდეგესთან ჩხუბში ჰქონდა ჩაფიქრებული. სამწუხაროდ, გიგას გეგმა განუხორციელები დარჩა.
"ნინძა" დამარცხდა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და სწორედ ამ ბრძოლიდან იწყება ვეტერანი მებრძოლის წარუმატებელი სერია, რომელიც ზედიზედ 3 წაგებას მოიცავს. არნოლდთან ჩხუბის შემდეგ, 37 წლის მებრძოლი დევიდ ონამასა და კევინ ვალეხოსთანაც დამარცხდება.
ამირან გოგოლაძე V ლიამ ეტებარი | OKTAGON 43, პრაღა, ჩეხეთი | 20/05/2023
გოგოლაძის მეტოქე OKTAGON 43-ზე თავდაპირველად უნდა ყოფილიყო იონ სურდუ, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. რაც შეეხება მოლდოველი მებრძოლის შემცვლელს, ჩეხურმა პრომოუშენმა ქართველს შეურჩია ეტებარი, რომელსაც მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
ამირანი დომინირებდა მთელი ბრძოლის განმავლობაში და ბოლოს მან დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ინგლისელ მებრძოლთან მოგების შემდეგ, "სნაიპერი" ჩეხურ პრომოუშენში ლუკაშ სივიეჩსა და ლეანდრო სილვასაც მოუგებს. რაც შეეხება მის შემდეგ მოწინააღმდეგეს: ის, ვინც უნდა ყოფილიყო ლიამის ნაცვლად, ტრავმის გამო ბრძოლას ჩახსნილი "დრაკულა".
გურამ ქუთათელაძე V ჯორდან ვუჩენიკი |UFC On ABC 7, აბუ დაბი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები | 03/08/2024
ქუთათელაძეს UFC-ში მოპოვებული აქვს ორი გამარჯვება - ერთი სადებიუტო ბრძოლაში მატეუშ გამროტის წინააღმდეგ, მეორე კი ვუჩენიკთან. აბუ დაბიში ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ინგლისელ მოწინააღმდეგეს მოუგო მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რითაც შეწყვიტა წარუმატებელი სერია, რომელიც ზედიზედ 2 წაგებას მოიცავდა.
ეს იყო გურამის ბოლოსწინა ბრძოლა UFC-ში, რის შემდეგაც ის დამარცხდა კაუე ფერნანდესთან, რაც მსოფლიოს მთავარი პრომოუშენიდან წასვლის მანიშნებელი გამოდგა. "ვიკინგი" ახლა ჩხუბობს ACA-ში, ორგანიზაციაში, რომელშიც მან უკვე მოასწრო 1 დუელის მოგება, ვიქტორ ჰიუგოსთან.
ლევან მაყაშვილი V ჯეკ მაკგანი | Fight Nights Global 62, მოსკოვი, რუსეთი | 31/03/2017
პირველი ქართველი მებრძოლი UFC-ში, ვის რეზიუმეშიც ინგლისელ მეტოქესთან გამარჯვებაც ფიგურირებს. მაყაშვილმა მაკგანი დაამარცხა უკვე მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის დატოვების შემდეგ, რუსულ ორგანიზაციაში. ლევანმა ჯეკს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
საინტერესოა, რომ იმავე ივენთზე თავისი ერთ-ერთი პირველი ბრძოლა გამართა უმარ ნურმაგომედოვმა, ვინც ნოკაუტით ალიმ ისაბაევი დაამარცხა. დავუბრუნდეთ "ბზიკს", რომელიც "პილგრიმთან" მოგების შემდეგ, თავის საკმაოდ მდიდარ და ნაყოფიერ კარიერაში სხვადასხვა პრომოუშენებში კიდევ 15 ჩხუბს ჩაატარებს.
37 წლის მებრძოლი ახლაც მწყობრშია. გასული წლის ბოლოს, Integra FC 22-ზე დუმიტრუ ბლინდუს დამარცხებით მან დაასრულა წარუმატებელი სერია, რომელიც ზედიზედ 5 წაგებას მოიცავდა. მაყაშვილი შემდეგ ჩხუბს გამართავს თბილისში, 4 აპრილს, ჰელიო ლეალის წინააღმდეგ.
ილია თოფურია V ჯაი ჰერბერტი | UFC Fight Night 204, ლონდონი, ინგლისი | 19/03/2022
მთავარი ქართული გამარჯვება ინგლისელების წინააღმდეგ MMA-ში. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე თოფურიას ერთ-ერთი "მსხვერპლი" ჰერბერტი აღმოჩნდა. რატომ მსხვერპლი? ქართველმა ჩემპიონმა ინგლისელი მოწინააღმდეგე უბრალოდ უგონოდ გათიშა და ბრუტალური ნოკაუტი გვაჩუქა.
ეს იყო ილიას პირველი ბრძოლა UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში, რის შემდეგაც ის დაბრუნდა ქვემსუბუქში, ალექსანდერ ვოლკანოვსკის ჰეგემონიის დასასრულებლად. დღეს, "მატადორის" კოლექციაშია როგორც 66 კილოგრამ დივიზიონის ქამარი, ისე 70-საც. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონის მახლობლად ტრიალებდა კიდევ ერთი ინგლისელი, რომელიც მას ჯაისგან განსხვავებით, გადაურჩა.
საუბარია პედი პიმბლეტის შესახებ, ვისთან კონფლიქტიც ორი დივიზიონის 29 წლის ჩემპიონს სწორედ იმ პერიოდში დაეწყო. ორივე მებრძოლმა ერთმანეთის მისამართით მოისმინა არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ თოფურია 70 კილოგრამში ქამარს სწორედ "ბედისთან" დაიცავდა.
ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ქართველმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში ქამარი გახადა ვაკანტური, დროებითი ტიტულისთვის ჩხუბში კი 31 წლის ქონთენდერმა ჯასტინ გეიჯისთან წააგო. ასე აცდა ის ილიას და როგორც ჩანს, დიდი ხნით, რადგან მათმა დუელმა აქტუალურობა უკვე დაკარგა.
"ელ მატადორს" ელის ჩემპიონობის დაცვა ამერიკელ მეტოქესთან თეთრ სახლში, რის შემდეგაც კვლავ დაიწყება საუბრები მისი და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე. რაც შეეხება პიმბლეტს, მას ძალიან ბევრი შრომა მოუწევს იმისთვის, რომ ქონთენდერის სტატუსი კიდევ ერთხელ მიიღოს.
ბონუსი - თენგიზ თედორაძე ყველას წინააღმდეგ
საქართველოში MMA-ს აღმავლობა დაიწყო 2010-იანი წლების მეორე ნახევარში, რაც პირველ რიგში ჩვენი მებრძოლების UFC-ში მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება. რა იყო იქამდე? 90-იანებსა და 2000-იანებში ბრწყინავდა თენგიზ თედორაძე, რომელმაც 40-მდე ჩხუბის ჩატარება მოასწრო.
ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა სწორედ დიდ ბრიტანეთში, სადაც არაერთი ინგლისელი მეტოქის დამარცხება შეძლო. "გლადიატორმა" სხვადასხვა დროს მოუგო კრეიგ ამერს, რობერტ ბერის, ტომ ბლექლიჯს, რობ ბროთონს, ენდი კოსტელოს, მარკ გოდარდს, უეინ ლეისლის, ენდი რაიანს, ჯეროდ სპიდს, ჯეიმს ტომპსონს, მაიკ უარდს, ჯონ უეირსა და ადრიან უაილდს.
58 წლის ყოფილი მებრძოლის რეზიუმეში ასევე არის დაპირისპირებები კომბატ სპორტის გამოჩენილ ვარსკვლავებთანაც - ერიკ ეშთან, ჯეფ მონსოსთან, ანტონიო სილვასა და ფაბრისიო ვერდუმთან. თედორაძემ კარიერა დაასრულა 2010-ში, ისევ და ისევ ინგლისელ ჯეი მორტიმორთან მოგების შემდეგ.
ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ქართველი მებრძოლის შესახებ - 2003 წლის ივლისიდან 2004 წლის დეკემბრის ჩათვლით ის Cage Warriors-ის 120 კილოგრამ წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო. საუბარია პრომოუშენზე, რომელშიც სხვადასხვა დროს ჩხუბობდნენ ილია თოფურია, მაიკლ ბისპინგი, კონორ მაკგრეგორი, ტომ ასპინალი, იან მაჩადო გარი და ბევრი სხვა.
ქართულ-ინგლისური ომის ახალი თავი: რომან დოლიძე V კრისტიან ლეროი დანკანი | UFC Fight Night 270, ლონდონი, ინგლისი | 22/03/2026
როგორც აღვნიშნეთ, UFC-ის ლონდონში გასამართ უახლოეს ივენთზე იბრძოლებს დოლიძე, ვისი მეტოქეც ლეროი დანკანი იქნება. ერთ მებრძოლს ზურგს უმაგრებს შინაური კედლების ფაქტორი, მეორეს კი გამოცდილება. ქართველი მებრძოლი უკვე 6 წელია, რაც ჩხუბობს მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, მაშინ, როცა მისი ინგლისელი მოწინააღმდეგე თავის გზას ახლა იწყებს.
კრისტიანი UFC-ში მოხვდა 2023 წელს და ჯერჯერობით ტოპ 15-შიც არ არის. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მებრძოლად მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში და "სიელდიმ" 2-ჯერ უკვე ბონუსის აღებაც მოასწრო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა რომანი მისი სვლის შეჩერებას.















