დღეს გამთენიისას, ავსტრიულ ორგანიზაცია Cage Fight Series-ში, ორი ქართველი მებრძოლი ვიხილეთ. მთავარი ქარდი გოგა ქისტაურმა გახსნა, რომელმაც 70 კგ. წონით კატეგორიაში გამართა ორთაბრძოლა, იტალიელი მეტოქის წინააღმდეგ. თუ არ ვცდები, აქამდე გოგა ბრძოლებს 66 კგ. წონით კატეგორიაში მართავდა და ეს სადებიუტო ორთაბრძოლა იყო ახალ წონით კატეგორიაში, სადაც მშვენივრად გამოიყურებოდა და შედეგიც სახეზეა. პირველივე წამებზე მან იტალიელი მეტოქე უგონოდ დაანოკაუტა და კომენტატორებს თუ დავუჯერებთ ეს ამ ორგანიზაციის დაფიქსირებული ყველაზე სწრაფი ნოკაუტია.
გიორგი ფოლადიშვილმა უკვე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა MMA-ში - სამივე მოგება მახრჩობელა ილეთით. ფოლადიშვილი საქართველოში ცნობილი გახდა GAMA Bare Knuckle-ში, ანუ შიშველი მუშტებით ბრძოლებში, სადაც ასევე დაუმარცხებელია. მუშტი-კრივში გიორგის 5 მოგება და არცერთი მარცხი აქვს, ხოლო MMA-ში იგი ჯერ მხოლოდ მახრჩობელებით იგებს, თუმცა დარწმუნებული ვარ ნოკაუტებსაც მალე შემოგვთავაზებს.
ბრაზილიელი მეტოქე საკმაოდ უხერხული აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მძიმე დარტყმას გაუძლო და ნოკდაუნსაც კი გადაურჩა, თუმცა მესამე რაუნდში გიორგიმ უჩვეულო პოზიციიდან, ფინიში Side Control-დან Reverse Triangle-ით მაინც იპოვა.
ორივე მებრძოლი საქართველოში ემზადება და ეს კიდევ უფრო მაგარს ხდის ამ ამბავს. ვიცით, რომ ქართველი მებრძოლები, რომელბიც UFC-ში არიან საქართველოში არ ვარჯიშობენ. მეტიც, ბევრი სპორტსმენი აქედან წასვლას ცდილობს, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ამ სპორტში. სასიხარულოა, როდესაც ხედავ, რომ საქართველოში გავლილი მოსამზადებელი პერიოდითაც ახერხებენ მებრძოლები წარმატების მიღწევას. ეს იმის მანიშვნებელია, რომ ქართული MMA მართლაც რომ ვითარდება და იხვეწება. მათი მთავარი მწვრთნელი რატი ჩაკვეტაძეა - ისინი ჩემპიონთა აკადემიას წარმოადგენენ, გუნდს რომლის წევრებიც ქართველი MMA-ის მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი ამირან გოგოლაძე, მათე სანიკიძე და ბენო ადამია არიან.















