როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენის დამარცხებით საჩემპიონო ქამარი დაიცვა, თანაც მესამედ ერთ კალენდარულ წელიწადში. ქართველ ჩემპიონს არ აუღია ბონუსი, მაგრამ ამის მიუხედავად, სოლიდური თანხა მან მაინც გამოიმუშავა. როგორც ცნობილი ხდება, "მანქანის" ჰონორარმა $2 მილიონამდე შეადგინა.
UFC 320-ის მონაწილეებს შორის ყველაზე დიდი თანხა აიღო ალექს პერეირამ, რომელმაც ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ბრაზილიელმა ჩემპიონმა ირჟი პროხასკასა და ჯო პაიფერთან ერთად აიღო საღამოს საუკეთესო პერფომანსის ბონუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთო ჯამში მისი ჰონორარი $3.5 მილიონამდე ავიდა.
დავუბრუნდეთ დვალიშვილს, რომელმაც UFC-ის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. ის არის ერთადერთი მებრძოლი, რომელიც 100 თეიქდაუნს გასცდა. ამის გარდა, უშუალოდ "ქვიშის კაცთან" ჩხუბში ქართველმა ჩემპიონმა გააკეთა 14 გდება, რაც მისი საუკეთესო შედეგია.















