რა უნდა ვიცოდეთ BRAVE CF-ზე?
Brave CF ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც გარკვეულწილად ტრამპლინგს წარმოადგენს UFC-მდე. ამ ორგანიზაციიდან UFC-ში გადავიდნენ ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი და საამაყო ქართველი მებრძოლები, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე. ამ ორგანიზაციაში გამარჯვების მოპოვება ქართველმა გამოცდილმა მებრძოლმა ლევან კირთაძემაც მოახერხა, როდესაც ესპანეთში გამართულ ივენთზე, ადგილობრივი ვარსკვლავი დაამარცხა.
ამ მომენტში BRAVE CF-ში ასევე იბრძვის ბიძინა გავაშელიშვილი, რომელიც წლის ბოლოსთვის ასევე ქამარზე იბრძოლებს და ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე შესაძლოა UFC-ის ყოფილი მებრძოლი - დაუმარცხებელი მუჰამედ მოკაევი იყოს.
ვინ არის რაულ თუთარაული?
UFC-ის რიგებს მიღმა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობილი ქართველი მებრძოლი სწორედ რაულ თუთარაულია. მას კარიერის განმავლობაში გამართული აქვს 41 პროფესიონალური ორთაბრძოლა საიდანაც, 34-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ჯერ კიდევ 2015 წლიდან რაული რინგს იზიარებდა უძლიერეს მებრძოლებთან M-1 Global-ში, რომელიც იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო ორგანიზაცია იყო. მან არაერთი ბრძოლა მოიგო აღნიშნულ ორგანიზაციაში და ასევე 2-ჯერ გამართლა ბრძოლა UFC-ის ერთ დროს TOP 15-ის წევრ მებრძოლ დამირ ისმაგულოვთან. რაული ასევე იბრძოდა ჩინეთსა და აბუ დაბიში, თუმცა გამარჯვებების მიუხედავად ამ ორგანიზაციებში დიდი დრო არ გაუტარებია. ერთ-ერთი ორგანიზაცია, სადაც დიდი დრო დაჰყო არის ACA. ორგანიზაცია, რომელიც სავსეა ჩეჩენი და დაღესტანელი მებრძოლებით. ამ ორგანიზაციაში რაულმა მოახერხა და 4 ბრძოლიდან 3 გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, ყველაზე დიდი ორგანიზაცია, სადაც რაულმა თავისი საბრძოლო კარიერა გააგრძელა არის ამ დროისთვის უდაოდ ევროპის ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია - პოლონური KSW. KSW-ში მისი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მარცხის მიუხედავად რაულმა მოახერხა, რომ ზედიზედ ორი გამარჯვება მოეპოვებინა და ორგანიზაციის TOP 5-ში დაემკვიდრებინა ადგილი.

რაული ე.წ „ნოკაუტ არტისტია“ მას უყვარს ბრძოლების ნაადრევად დამთავრება და დგომში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რაულმა ბოლო დროს მეტი დრო დაუთმო ჭიდაობას. ბოლოდროინდელი ბრძოლების უმეტესობა პარტერში კონტროლით ან ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. რაულის ძლიერი მხარეს წარმოადგენს სტრაიკინგი, პრესინგი და ფიზიკურობა. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერი მებრძოლია, რომელსაც უძლიერესი დარტყმები აქვს და ასევე გააჩნია ძალიან კარგი წნეხი. იგი ყოველთვის წინ მიიწევს და ცდილობს, რომ მისი მეტოქე გალიასთან გამოიჭიროს, რის შემდგომაც ძლიერი დარტყმების განხორციელებას ან ჭიდაობას იწყებს.
რა უნდა ვიცოდეთ რაულის მეტოქეზე?
კუბანიჩბეკ აბდისალამ ულუ ყირგიზი მებრძოლია რომელიც რაულის მსგავსად ასევე ძალიან გამოცდილია. იგი Brave CF-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია და ორგანიზაციაში მარცხი არ აქვს. მან Brave-ში 8 ბრძოლა ჩაატარა, სადაინაც 7-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ბრძოლა კი არალეგალური დარტყმების გამო გაუქმდა - No Contest. ბოლო წაგება კუბანიჩბეკმა 2017 წელს იწვნია, მას შემდეგ ის 14-ბრძოლიან წაუგებელ სერიაზეა. მას Brave CF-ის გარდა 4 გამარჯვება ACB-შიც აქვს მოპოვებული, ასევე, 1 გამარჯვებაც ACA-ში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ულუს 2024 წლის განმავლობაში არ უბრძოლია. მან უკანასკნელი ბრძოლა გასული წლის დეკემბერში ჩაატარა. ასეთი წყვეტა მებრძოლზე, როგორც წესი, უარყოფითად აისახება. 1-წლიანი პაუზის მიზეზი ამოუცნობია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ტრავმიანობა იყოს.
ულუს ძლიერ მხარეს რაულის მსგავსად პრესინგი წარმოადგენს. იგი ყოველთვის ცდილობს, რომ წინ აიაროს და მეტოქე დააპრესინგოს. ამის შემდგომ ულუ რამდენიმე დარტყმას უშვებს და ფეხში ან წელში ჩადის. როგორც წესი, ულუს მეტოქეები ფეხიდან ნაკლებად გადაჰყავს, იგი ძირითად შემთხვევაში წელს იღებს და შემდგომ ზურგის აღებას ცდილობს. ზურგიდან მას არაერთი მებრძოლი ჰყავს დაფინიშებული და ასევე მრავალი რაუნდი მოუგია ამ პოზიციიდან კონტროლით. თუმცა, მიუხედავად მისი ფიზიკურობისა და ჭიდაობაში სიძლიერისა, კუბანიჩეკს მინუსებიც აქვს.
მეტოქეებმა, რომლებმაც მას ჭიდაობა დაასწრეს გარკვეული უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. საინტერესოა მისი ბრძოლა დაღესტნელ მებრძოლ მაგომედოვთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში ულუმ მოიპოვა გამარჯვება გარკვეული მინუსები გამოჩნდა მის ტექნიკაში. როდესაც მაგომედოვმა დააპირა ჭიდაობის ინიცირება, ულუს თავდაცვა გაუჭირდა. მეტიც, მაგომედოვმა გადაიყვანა იგი და რამდენიმე ძლიერი მახრჩობელას მცდელობაც ჰქონდა. როგორც წესი, თუ ულუს გადაიყვანენ, უმალ გადატრიალებას და გალიასთან მიცოცებას ცდილობს. ეს შანსი უნდა იყოს ქართველისთვის, რადგან ამ მომენტში ულუ ზურგს ტოვებს და კისერს დაუცველს. პარტერშიც აქვს გარკვეული მინუსები ულუს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ძლიერია, სხვადასხვა კარგი მოჭიდავეები ახერხებდნენ საფრთხეში ჩაეგდოთ ჯიუ ჯიცუს ილეთებით. როგორც კისერზე მახრჩობელათი ასევე ფეხზე ე.წ ფეხის მტკივნეულებით.

თუმცა, თუ ულუ გარდის პოზიციაზე ანუ ზემოდან დომინანტურად მოექცა, აქ ძალიან კარგი კონტროლი და კარდიოც აქვს. იგი, როგორც წესი, დიდად არ აზიანებს მეტოქეებს, უბრალოდ აკონტროლებთ მათ და ქულებს აგროვებს რის შედეგადაც რაუნდებს იგებს. მისი საყვარელი კომბინაცია კი მარჯვენა ოვერჰენდი და ფეხში შესვლაა, რომელსაც თითქმის ყველა ბრძოლაში იყენებს.
რას უნდა ველოდოთ ბრძოლაში?
ორივე მებრძოლი პირველ ნომრობას არის მიჩვეული, მათ უყვართ ცენტრის კონტროლი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მებრძოლი რომელიც ცენტრზე კონტროლს მოიპოვებს, ასევე შეძლებს უპირატესობის მოპოვებას ბრძოლის განმალობაში. იქიდან გამომდინარე, რომ რაულიც საკმაოდ კარგი მოჭიდავეა, და ულუს მინუსები სწორედ ჭიდაობისგან თავის დაცვაშია, სავარაუდოა, რომ რაული იქნება ჭიდაობის ინიციატორი. ცხადია, რაული მაქსიმალურად შეეცდება დგომში მისი უპირატესობის გამოყენებას, თუმცა თუ ის მოახერხებს და ცენტრს წაართმევს მის მეტოქეს მისთვის საქმე ბევრად გამარტივდება. უკანა ფეხზე, ანუ მეორე ნომრად ჭიდაობის დაწყება ულუს ძალიან უჭირს, შესაბამისად, დგომშიც მეტი შანსი ექნება რაულს. ულუს ჩვევია დგომში ფეთქებადი კომბიანციით წინ წასვლა და ცენტრის მოპოვება. ამ მომენტში რაული თუ ცენტრს არ დათმობს და ძლიერი შემხვედრი კომბინაციებით შეხვდება აუცილებლად გაუტარებს მის მეტოქეს დარტყმებს, რადგან ულუ შეტევაში გადასვლის დროს ყბას საკმაოდ დაუცველს ტოვებს.

ვფიქრობ, ამ ბრძოლაში რაული შეძლებს და საქართველოში მორიგ ქამარს ჩამოიტანს, თუმცა, შეგვიძლია აქედანვე ვთქვათ, რომ ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება გარკვეულწილად გამარჯვების მოპოვებასთან არის დაკავშრებული. არ გამოვრციხავ, რომ რაულმა ტექნიკური ნოკაუტით დაამთავროს ბრძოლა. თუ რაული შეძლებს და გდებას მალევე გაუკეთებს მეტოქეს, ულუს ჩვევაში აქვს, რომ ზურგი დათმოს და გალიასთან მიცოცდეს. ამ დროს მაგომედოვმაც და სხვა მებრძოლებმაც ზურგი წარმატებით აუღეს. კუბანიჩბეკი აუცილებლად იზამს იგივეს, რადგან ეს მისი საბრძოლო სტილია, ხოლო რაული თუ მოახერხებს ზურგიდან კონტროლის მოპოვებას, ამ პოზიციიდან ფინიშის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს.
ავტორი: საბა სოზაშვილი















