რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის დამარცხებით ქართული MMA-ის ისტორიაში მორიგი ახალი გვერდი ჩაწერა. მან 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში მარვინ ვეტორი დაამარცხა - თანაც ძალიან საინტერესო და პრინციპულ დუელში.
პირველი ორი რაუნდი საკმაოდ ახლო იყო, სადაც რომანმა შეძლო და საკმარისი ქულები მოაგროვა რაუნდების წამოსაღებად. მესამე რაუნდი კი ძალიან რთულად წარიმართა. ვეტორიმ დოლიძეს მძიმე დარტყმები გაუტარა და უკვე გაბრუებულ ცაცია დგომიდან რომანს რამდენიმე ძლიერი მარჯვენა ჰუკიც მიაყოლა, რაც რომანმა არანორმალურად კარგად აიტანა. ატანა ბევრს შეუძლია, მაგრამ შემდგომ დარტყმების დაბრუნება კი ნამდვილად რამდენიმეს - რომანიც ამ იშვიათ მებრძოლთა შორისაა.

ასეთი რთული რაუნდის შემდგომ, რომანმა შეძლო და მეოთხე-მეხუთე საჩემპიონო რაუნდებში ბრძოლაში გარდატეხა თავის სასარგებლოდ შეიტანა და დაპირისპირება დომინანტურად დაასრულა, რაც იმაზე კარგი ამბავია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ასეთ ახლო და მძიმე ბრძოლაში საჩემპიონო რაუნდების წამოღება მებრძოლს ათმაგად ზრდის და თავდაჯერებულობას მატებს, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც TOP 5-ში შესასვლელად რომანს ძალიან გამოადგება.
რომანმა უკვე გამოიწვია ისრაელ ადესანია და რობერტ უიტეკერი - ყოფილი ჩემპიონები. არ ვიცი, რამდენად შედგება ეს ბრძოლები, მაგრამ რომანი რომ გაჩერებას არ აპირებს და ყოველთვის მასზე წინ მყოფ მებრძოლებთან ბრძოლა სწყურია, ეს ძალიან კარგი ამბავია. თან, რომანი დივიზიონის ელიტისთვის ახალი სისხლია და მაღალ დონეზე მისთვის შანსის მიცემა ორგანიზაციასაც აწყობს - თუნდაც უიტეკერთან ან ადესანიასთან, რომელთა დროც უკვე წასულია და TOP 5-ში „ადგილს იკავებენ“.

ვნახოთ, რა მოხდება ამის თქმა რთულია, მაგრამ UFC-ში რომანის მომავალი ნამდვილად დამაიმედებელია და მალე შესაძლოა მორიგ ქამარს გამოვკრათ ხელი.















