მოგეხსენებათ, რომ 14 მარტს, თბილისში, გაიმართა RKENA-ს მეორე ღონისძიება, რომელშიც მოასპარეზე ქართველთა უმეტესობამ გამარჯვების მოპოვება დამაჯერებელი გზით შეძლო.
ათლეტებმა ბრძოლასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები ღონისძიების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.
რკენას ოქტაგონზე გამართული ბრძოლებიდან, ერთ-ერთი განსაკუთრებული ყურადღება ნიკა აბრამიშვილისა და გამოცდილი პერუელი სპორტსმენის - ჯეიმს ლონტოპის დაპირისპირებამ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა შეხვედრამ ღამის საუკეთესო ორთაბრძოლის ბონუსი მოიპოვა.
"ჩემი მეტოქე გამოცდილი, ყოფილი UFC-ის მებრძოლი იყო. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიან დაპირისპირებას ველოდი. გასამარჯვებლად, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად დახარჯვა და მებრძოლი სულის გამოვლენა იყო საჭირო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. მომენტებში, როდესაც უპირატესობა ჩემს მეტოქეს გააჩნდა, მაყურებელთა მხარდაჭერამ და შეძახილებმა ჩემს გასამხნევებლად დიდი როლი ითამაშა."
გულშემატკივრების დიდი ოვაცია გამოიწვია ასევე ნიკა კუპრავაშვილის ფინიშმა, რომლის შესასრულებლადაც მას სულ რაღაც 24 წამი დასჭირდა.
"პირველი მეტოქე ჩამეხსნა, მაგრამ შეხვედრის დაკარგვას ბრძოლა ვამჯობინე. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი მისგან მიწაზე გადაყვანის მცდელობას, რადგან ჩემთან ჭიდაობა მარტივი საქმე არაა.
მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გავიდე ხელმეორედ რკენას ოქტაგონზე. "
საინტერესო კომენტარი დატოვა ასევე ერთ-ერთი ფინიშის ავტორმა - გოჩა შაინიძემ:
"რკენას ატმოსფერო შესანიშნავია, მსგავსი რამ სხვაგან არსად მიგრძვნია.
ჩემი რეკორდი 10 მოგება და 0 მარცხია. შრომისმოყვარეობიდან და საბრძოლო უნარებიდან გამომდინარე, მაქვს იმის შესაძლებლობა რომ UFC-ში ჩემი სახელი დავტოვო.
მეტოქის უეცარი ცვლილების მიუხედავად, საბრძოლო გეგმა არ ამრევია, რადგან ჩემს მოწინააღმდეგეებს შორის დიდი სტილისტიკური მსგავსება იყო."
საკუთარი ემოციები გამოხატა ასევე RKENA 2-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებულმა - დავით ლორთქიფანიძემ:
"სასწაული გრძნობაა, როდესაც კონკრეტულ მებრძოლს წლების განმავლობაში UFC-ში უყურებ, იზრდები და შემდეგ მას ამარცხებ.
ყველაზე მეტად ღმერთი მაძლიერებს. როდესაც უფალი გიყვარს და გწამს, შენი თავის რწმენაც გაგაჩნია.
მჯერა, რომ ვიქნები პირველი, ვინც რკენადან პირდაპირ UFC-ში გადავა."















