რამდენიმე დღის წინ, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე ჩატარდა მედიის დღე, სადაცUFC 320-ზემოასპარეზე ათლეტებმა, საინტერესო საკითხებზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს. გარკვეული დეტალები განიხილა ასევე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა - მერაბ დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილი და ანტი-დოპინგის კომისია
თავდაპირველად, მერაბი UFC-ში არსებულ მკაცრ დოპინგის კონტროლს შეეხო, რომელიც მას უკვე 50-ჯერ ესტუმრა. ამის გამო ჩემპიონმა სიმბოლური სახის საჩუქარიც კი მიიღო - ქურთუკი "50X"-წარწერით.
"პირველად ძალიან გამაკვირვეს, როცა 2019 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ. მაგ დროს რესტორანში ვიყავი, თავზე დამადგნენ და საპირფარეშოში გასვლა მომიწია. სხვა შემთხვევებში, ხანდახან კალიფორნიაში, ან სხვა შტატში მსტუმრობდნენ. ერთხელ ვარჯიშის შემდეგ, ჩემს დარბაზში UFC-ის ანტი დოპინგური კომისიის ახალი წარმომადგენელი მოვიდა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვარჯიშის დროს დიდი რაოდენობის ოფლი მქონდა გამოყოფილი და შემოწმებისთვის გარკვეული დრო დამჭირდებოდა. ამის შემდეგ ის ჩემთან ისე ადრე მოვიდა, რომ გამაღვიძა და ძალიან გავბრაზდი."
ბრძოლამდელი ურთიერთპატივისცემა
შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში დაპირისპირებამდელი დაძაბულობა და ე.წ "თრეშთოლქი" ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც უმეტესწილად, ბრძოლის რეიტინგის ამაღლების სურვილიდან, ან პირადი უთანხმოებიდან გამომდინარეობს. აშკარაა, რომ კორი სენდჰეგენისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა გამონაკლისია, რადგან ორივე ათლეტი ერთმანეთის მიმართ დაფასებითა და პატივისცემით გამოირჩევა.
"აუცილებელი არაა ზედმეტი ლაპარაკი და უპატივცემულობა, თუ რაიმე ბუნებრივად გამოჩნდება, მოხდება ის რაც მოხდება. მიუხედავად ამისა, MMA-ს ნამდვილმა ქომაგებმა ამ ბრძოლას აუცილებლად უნდა უყურონ, რადგან მე გრეპლერი ვარ, ის კი სტრაიკერი - ამ ბრძოლაში კი გრეპლერს სტრაიკერის გათიშვა სურს.
კორი კარგი მებრძოლია და მას პატივს ვცემ. მისთვის ძალიან დიდი მონდომებით, დაუღალავად ვემზადებოდი და ვშრომობდი, თუმცა უფრო მეტად, ჩემს თავზე ვკონცენტრირდი. მისი ბევრი ბრძოლა არ მინახავს. მივიჩნევ, რომ როცა საკუთარ თავზე ვმუშაობ, თავდაჯერება მემატება და კარგად ვხვდები, რისი შესაძლებლობა მაქვს. მთლიანობაში, ძალიან კარგი მოსამზადებელი ბანაკი მქონდა"
მოწინააღმდეგის სწორი შეფასება
საკუთარი შესაძლებლობების რწმენის და თავდაჯერებულობის მიუხედავად, მერაბი მეტოქის უნარებში სიღრმისეულადაა გაცნობიერებული და ამ ყველაფერს შესაბამის ყურადღებასაც აქცევს.
"კორი სენდჰეგენს სახიფათო საბრძოლო სტილი აქვს, იგი გამორჩეულია მფრინავი მუხლით, სფინინგ დარტყმებითა და მტკივნეული შეტევებით. მას ასევე მშვენიერი კარდიო აქვს და თეიქდაუნისგან თავს კარგად იცავს. მაგრამ, ის ამჯერად ჩემთან ჩხუბობს, მე კი ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოვადგენ. ყველანაირ საფრთხეს ვაცნობიერებ, თუმცა რისთვისაც ვვარჯიშობდი აუცილებლად შევასრულებ. მჯერა, რომ ეს ღამე ჩემს სასიკეთოდ დასრულდება"
ჩემპიონის ცხოვრება
მერაბის განვლილი რთული, ეკლიანი გზა სანატრელ ოქროს ქამრამდე ყველა ქომაგისთვის ნაცნობი ისტორიაა, თუმცა დვალიშვილის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა იმის შემდეგ, რაც ქართველმა მებრძოლმა სასურველი ტიტული ხელში ჩაიგდო.
"ცხოვრება მშვენივრად მიდის, გაჩემპიონების შემდეგ ყველაფერი 10-ჯერ უკეთესია. დიდ პატივს მცემენ, თუმცა ვცდილობ, რომ ამ ყველაფრით არ ვისიამოვნო. ისევ დიდ დროს ვატარებ სპორტ დარბაზში და ცხადია ბევრს ვმოგზაურობ, თუმცა რეგულარულად მაინც აქ, ვეგასში, საკმაოდ უბრალო ცხოვრებით ვცხოვრობ. ვარჯიშზე კონცენტრირებული ვარ, რაც ჩემთვის უმთავრესია და ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ასევე მიხარია ჩემი ქომაგების, მეგობრებისა და საყვარელი ხალხის ნახვა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩემპიონი ვარ."
წლის საუკეთესო მებრძოლი
ქართველი ათლეტის მიღწევები მიმდინარე წელს ფენომენალურია, რადგან მან ტიტული წარმატებით ორჯერ - უმარ ნურმაგომედოვისა და შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა. რაც შეეხება მომავალ ღონისძიებას, ეს მისთვის რიგით მესამე სატიტულო დაცვა იქნება. ზემოხსენებული სტატისტიკიდან გამომდინარე, გულშემატკივრები წლის საუკეთესო მებრძოლად დვალიშვილს ასახელებენ.
"დიახ, თუ გავიმარჯვე, წლის საუკეთესო მებრძოლიც ვიქნები, მაგრამ ამაზე არ ვკონცენტრირდები. მინდა რომ მაქსიმალურად დავიხარჯო. ჯანმრთელი, მშიერი და უმაღლესად მოტივირებული ვარ. მიყვარს ბრძოლა და მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, ხოლო თუ ამ ყiველაფერს რეკორდებისა და რეზიუმეს გაუმჯობესება მოჰყვება, ამაზე უარს არ ვიტყვი."
ჩემპიონის წარსული და ღრმა ბავშვობა
ცნობილი ფაქტია, რომ მერაბის ცხოვრებაში ადრეული წლები განსაკუთრებული სირთულით იყო გამორჩეული, მაგრამ აშკარაა, რომ მისმა დაუღალავმა შრომამ საუკეთესო შედეგი გამოიღო.
"პატარა რომ ვიყავი, ყოველთვის მინდოდა, რომ რაიმე განსაკუთრებულისთვის მიმეღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ბავშვს უნდა გახდეს ბიზნესმენი, პოლიციელი ან მეხანძრე. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ასეთი ოცნებები, მაგრამ როცა გავიზარდე, გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი ისეთი სპორტსმენი, რომელიც ჩემს ქვეყანას საზღვრების მიღმა წარმოადგენდა. ჩემი მიზანი ეს იყო, რაც, მადლობა ღმერთს, გამომივიდა. როცა იმ დროს ვიხსენებ, რთული წარმოსადგენია ის, თუ რას მივაღწიე და სადამდეც მოვედი. ახლა ეს ყველაფერი რეალურია, საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე და ბედნიერად ვცხოვრობ. ამით არ ვტკბები, მომდევნო მიზანი ყოველთვის გამაჩნია."















