საკალათბურთო კლუბ ორბსა და ესპანურ გრანდ ჟუვენტუდ ბადალონას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს და ამით ოფიციალურად ხაზი გაესვა მათი აკადემიების საერთო ხედვას და ღირებულებებს. დაიგეგმა საერთო პროექტების განხორციელება.
თორნიკე გიორგაძე (ორბის პრეზიდენტი): ‘’ორბისა" და "ჟუვენტუდის" თანამშრომლობა ქართულ კალათბურთს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა თბილისში ერთობლივი კემპის ჩატარება 2025 წლის შემოდგომაზე. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის.
თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართველი მწვრთნელების პროფესიული ზრდა და გადამზადება, მათი სემინარების და ტურნირებში მონაწილეობის გზით. მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის გაძლიერებას, ჩვენი სპორტსმენების განვითარებასა და სამწვრთნელო შტაბის პროფესიულ ზრდას."
აიტორ ლოპესი (ჟუვენტუდ ბადალონას ერთ-ერთი ხელმძღვანელი): “თანამშრომლობა ჩვენს კლუბებს შორის არსებით მნიშვნელობას იძენს ორივე ქვეყნის მდიდარი საკალათბურთო ტრადიციებიდან გამომდინარე. თანამშრომლობის მიზანია ინტეგრირებული მეთოდოლოგიის დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს მოთამაშეთა პროფესიული განვითარებისა და მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კალათბურთის საერთო დონის ამაღლებას, ადგილობრივი მოთამაშეებისა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებას, ეროვნული საკალათბურთო ინდუსტრიის გაძლიერებას, აგრეთვე მოთამაშეებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას და ხელშეწყობას.”
ნოემბერში დაგეგმილი კემპი იქნება პირველი შესაძლებლობა 14-დან 20 წლამდე ქართველი კალათბურთელებისთვის, გაიარონ 5 დღიანი ინტენსიური სავარჯიშო/შესარჩევი პროგრამა, ხოლო ესპანელმა მწვრთნელებმა შეაფასონ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების პოტენციალი და კარიერის ესპანეთში გაგრძელების შესაძლებლობები.
კემპში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ყველა აკადემიაში მოთამაშე ახალგაზრდებს.
ესპანური კლუბი "ჟუვენტუდ ბადალონა" (Club Joventut Badalona) ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და წარმატებული საკალათბურთო აკადემიაა. ჟუვენტუდი 1930 წელს დაარსდა, კლუბს 4-ჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო ესპანეთის თასი 8-ჯერ. ესპანური გუნდი 1994 წელს ევროლიგის გამარჯვებულიც გახდა და 2008 წელს ფიბა ევროქაფიც მოიგო.
"ჟუვენტუდის" აკადემიამ მსოფლიო კალათბურთს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა. სწორედ ამ აკადემიის აღზრდილები იყვნენ: რიკი რუბიო, რუდი ფერნანდესი, დანიელ დეზეა, ფერან ბასასი და სხვები.
საკალატბურთო კლუბი "ორბი" 2000 წელს დაარსდა და მათ მიერ აღზრდილ ბევრ კალათბურთელს უთამაშია ასაკობრივ ნაკრებებში. ორბი უკვე მესამე წელია საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ასპარეზობს და აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს კალათბურთის პოპულარიზაციას ქვეყანაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.














