გთავაზობთ LaGazzetta.ge-ს ვერსიით საუკეთესო დარტყმის მქონე მებრძოლებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
მძიმე წონა - ფრენსის ნგანუ

ფრენსისმა კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა, თუმცა კამერუნელი ათლეტი დღესაც ყველაზე მძიმე ხელების მქონე მებრძოლად არის მიჩნეული. მისი საბრძოლო რეკორდი შთამბეჭდავია - 17 გამარჯვება და 3 მარცხი, საიდანაც 13 გამარჯვების მოპოვება ნოკაუტით შეძლო. ნგანუს ძალა UFC პერფორმანს ინსტიტუტში მეცნიერული თვალსაზრისითაც შეისწავლეს, სადაც დადგინდა, რომ მისი დარტყმა უდრის 96 ცხენის ძალას, რომელიც ფორდ ესკორტის მთელი სიჩქარით დაჯახების ეკვივალენტურია. მისი პროფესიონალური კარიერიდან გამოვარჩევდი ფინიშს სტიპე მიოჩიჩის და ალისტერ ოვერიმის წინააღმდეგ, სადაც "მტაცებელმა" მათი უგონოდ გათიშვა მხოლოდ ერთი დარტყმით შეძლო.
ქვემძიმე წონა - ალექს პერეირა

ქვემძიმე წონა - ალექს პერეირა

ბრაზილიელი მებრძოლი UFC-ში 4 წელია ასპარეზობს, თუმცა მან თავისი ბრწყინვალე გამარჯვებათა მეშვეობით, შეძლო და თავი ფანებს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მებრძოლად დაამახსოვრა. "პოატანის" მარცხენა ჰუკი მიჩნეულია ყველაზე საშიშ იარაღად, რომელიც სამიზნეს ყოველთვის ხვდება და შედეგიც შესაბამისი აქვს. ალექსის დასამახსოვრებელ გამარჯვებებად მიიჩნევა ბრძოლები ისრაელ ადესანიასთან და ჯამაჰალ ჰილთან, სადაც მან კრივის მაღალი დონის ტექნიკა და სიმძლავრე გვაჩვენა. მას MMA-ში მთლიანობაში 12 გამარჯვება აქვს, საიდანაც 10 ნოკაუტით მოიპოვა (83%).
საშუალო წონა - იოელ რომერო

იოელ რომერო ოლიმპიური მედალოსანია, რომელიც გამოირჩევა არაადამიანური ფიზიკური ძალით. მისი რეკორდია 16 გამარჯვება და 7 მარცხი, სადაც 13 მოგება ნოკაუტის დამსახურებითაა (81%). რომერომ ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები ლუკ როკჰოლდისა და კრის ვეიდმენის წინააღმდეგ მოიპოვა. "ღმერთის ჯარისკაცის" მფრინავი მუხლით შესრულებული ფინიში დღემდე რჩება UFC-ის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად.
ქვესაშუალო წონა - ტაირონ ვუდლი


მიუხედავად იმისა, რომ ვუდლი UFC-ში უკვე დიდი ხანია აღარ იბრძვის და კარიერის ბოლო ეტაპი მისთვის არც თუ ისე წარმატებულად წარიმართა, თავის პრაიმში იგი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ტიტულის მფლობელი იყო. 77 კგ-ს წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონის სახელზე 19 გამარჯვება და 7 მარცხია, სადაც 7 ნოკაუტით აქვს მოპოვებული. მისი ბრძოლებიდან გამოვარჩევდი ფინიშს რობი ლოულერის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვგარეშედ ქვესაშუალო წონის ერთ-ერთი საუკეთესო სატიტულო ბრძოლაა.
მსუბუქი წონა - ჯასტინ გეიჯი

მსუბუქი წონა - ჯასტინ გეიჯი

ამერიკელი მებრძოლის ზედმეტსახელი - "ჰაილაითი" მოლოდინს თავისი ბრწყინვალე მოგებების და აგრესიული საბრძოლო სტილისტიკის ხარჯზე ყოველთვის ამართლებს. ცნობილი ფაქტია, რომ გეიჯის სახელზე ჩატარებული არასანახაობრივი შეხვედრა უბრალოდ არ არსებობს. მას დაფინიშებული ყავს დასტინ პორიე, ტონი ფერგიუსონი, ედსონ ბარბოსა, დონალდ სერონე და სხვა მრავალი მაღალი დონის კონტენდერი. მისი 25 გამარჯვებიდან, 20 ნოკაუტია (80%), რაც ცალსახად შთამბეჭდავი სტატისტიკაა.
ქვემსუბუქი წონა - ილია თოფურია
ქვემსუბუქი წონა - ილია თოფურია

თოფურიას ბრწყინვალე ნოკაუტების გამო, "ელ მატადორის" მძიმე ხელები ბევრისთვის კვლავ ამოუცნობ ფენომენად რჩება. 28 წლის ქართველმა ათლეტმა ფანებისთვის შეუძლებელი რამის გაკეთება შეძლო - მან გამძლე ყბითა და ამტანობით გამორჩეული მაქს ჰოლოუეი უგონოდ დააგდო. ჩემი აზრით, ილიას შეუდარებელი კრივის უნარების გათვითცნობიერება მხოლოდ ზემოხსენებული მოვლენითაცაა შესაძლებელი, მაგრამ მის ძალას ჩინებული ნოკაუტების სტატისტიკაც ადასტურებს. UFC-ში ჩატარებული 8 ბრძოლიდან, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა 5 ნოკაუტით დაასრულა.
სუპერმსუბუქი წონა - პიოტრ იანი

პიოტრ იანი თავისი ლამაზი სტილის დამსახურებით არაერთი დაუვიწყარ სანახაობას გვჩუქნის, რომელშიც მის ლამაზ კრივს და მძიმე ხელებს მართლაც რომ დიდი წვლილი მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სპორტსმენის საბრძოლო მიდგომა მხოლოდ ბოქსზე არაა ორიენტირებული, ძლიერ კომბინაციებს გადამწყვეტი როლი უჭირავს მის ეფექტურობაში. "დაუნდობელის" პროფესიონალური რეკორდი 18 მოგებისგან და 5 მარცხისგან შედგება.
უმსუბუქესი წონა - დეივსონ ფიგერიდო

დეივსონი ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ასპარეზობს და რეიტინგში მეხუთე ადგილასაა, მაგრამ მას კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რომ უმსუბუქესში ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელისთვის ბრძოლის პროცესში მეტად პრიორიტეტული გრეპლინგია, მისი მძიმე ხელები ნამდვილად შესამჩნევია და გამარჯვებებში ხშირად დიდ როლსაც თამაშობს. ზემოხსენებულ დივიზიონში, "ომის ღმერთის" ძლიერ ჰუკებსა და ფეთქებად დარტყმებს ხელს უწყობდა მისი ფიზიკური აღნაგობა, რომელიც 56 კგ წონითი კატეგორიისთვის ყოველთვის შეუსაბამოდ დიდი გახლდათ. ფიგერედოს სახელზე 24 გამარჯვება და 4 მარცხია, საიდანაც 9 ნოკაუტითაა მოპოვებული.















