14 დეკემბერს UFC-ის წლის უკანასკნელ ივენთს გიგა ჭიკაძე დააგვირგვინებს. ვეტერანი მებრძოლის მოწინააღმდეგე კევინ ვალეხოსი იქნება. კლასიკური დაპირისპირება ორ თაობას შორის: ძველი სკოლა ახალი სკოლის წინააღმდეგ. განვიხილოთ, რას უნდა ველოდოთ ამ ჩხუბისგან.
თაობათა ბრძოლა
2009 წლის 19 დეკემბერს ჭიკაძემ პროფესიონალურ სპორტში პირველი ბრძოლა გამართა. ციურიხი, შვეიცარია, კიკბოქსინგის ტურნირი - ქართველი მებრძოლი შემსი ბექირისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აგებს. ვალეხოსი იმ მომენტისთვის იყო 8 წლის, ის სკოლის დაწყებით კლასებში სწავლობდა.
გიგამ პირველი გამარჯვება კიკბოქსინგში მოიპოვა 2011 წლის აპრილში, ნორდინ კასრიუის წინააღმდეგ, ერთი თვის შემდეგ კი მან რუს ევგენი კუროვსკოის მოუგო. "ნინძას" კარიერა კიკბოქსინგში დასრულდა 2017-ში, მაშინ, როცა მის არგენტინელ მომავალ მეტოქეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ჯერ დებიუტიც არ ჰქონია.
გადავინაცვლოთ MMA-ში და მიმოვიხილოთ როგორც 37 წლის მებრძოლის, ისე კევინის კარიერაც. 2015 წლის დეკემბერი, WSOF 26 - შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში დგება ჭიკაძის დებიუტი, 3 წლის შემდეგ ის ხვდება Dana White's Contender Series-ში, კიდევ 1 წლის შემდეგ კი უკვე უშუალოდ მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში.
იმავე პერიოდში "ელ ჩინო" დგამს პირველ ნაბიჯებს სამოყვარულო MMA-ში და 2018 - 2019 წლების პერიოდში მიყოლებით ოთხ ბრძოლაში იმარჯვებს. 24 წლის მებრძოლმა პროფესიონალებში გადაინაცვლა 2021-ში, მაშინ, როცა ქართველ სტრაიკერს შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ზედიზედ 9-ჩხუბიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
ზედიზედ შვიდ ბრძოლაში გიგამ უშუალოდ UFC-ში იმარჯვა. განსაკუთრებით გამოსარჩევია სერიის უკანასკნელი სამი ჩხუბი, რომელშიც "ნინძამ" KO-თი მოუგო ჯეიმი სიმონსს, კუბ სუანსონსა და ედსონ ბარბოზას. როგორც ვხედავთ, ვალეხოსის დებიუტი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში 37 წლის მებრძოლის პრაიმს დაემთხვა.
ჭიკაძე UFC-ში იყო დაუმარცხებელი, ტრიალებდა ქონთენდერების სიაში და ქვემსუბუქი დივიზიონის იმდროინდელი ჩემპიონის, ალექსანდერ ვოლკანოვსკის ერთ-ერთ პოტენციურ მეტოქედაც განიხილებოდა. რა მოხდა შემდეგ? წაგება კელვინ კატართან, ხანგრძლივი რეაბილიტაცია და ფორმაში ჩადგომის მცდელობა.
სანამ "ნინძა" ცდილობდა დიდ თამაშში დაბრუნებას, მის არგენტინელ მოწინააღმდეგეს პროფესიონალურ MMA-ში დაუგროვდა 17 ბრძოლა - 16 მოგება და 1 წაგება. განსაკუთრებით პროდუქტიული კევინისთვის გამოდგა 2022 წელი, რომელშიც მან 7/7 ჩხუბში იმარჯვა. მიმდინარე წლის მარტიდან "ჩინო" უკვე მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის წევრია.
ძველი სკოლა V ახალი სკოლა
როდესაც ვსაუბრობთ ძველი და ახალი სკოლის დაპირისპირებაზე, მხოლოდ მებრძოლების ასაკს არ ვგულისხმობთ. პირველ რიგში გამოსარჩევია განვლილი გზა და მომზადების პროცესი. ჭიკაძე არის კიკბოქსერი, რომელიც წლების შემდეგ გადავიდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში, ვალეხოსი კი თავიდანვე ამ მეთოდით ვარჯიშობდა.
როგორც აღვნიშნეთ, არგენტინელმა მებრძოლმა მოასწრო 17-დან 16 ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება, თანაც 11 შემთხვევაში, ნოკაუტით. ის ერთი წაგება კევინმა განიცადა ჟეან სილვასთან, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, Dana White's Contender Series-ში. დიახ, ახალგაზრდა მებრძოლი დამარცხდა, მაგრამ "ჩინომ" მასზე გამოცდილ ბრაზილიელ მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.
რაც შეეხება უშუალოდ UFC-ში გამართულ ბრძოლებს, მიმდინარე წლის მარტსა და აგვისტოში 24 წლის მებრძოლმა სონ ვუ ჩოსა და დენი სილვას მოუგო. დავუბრუნდეთ ქართველ სტრაიკერს, ვალეხოსის მსგავსად, მისი მთავარი იარაღი KO არის. ორივე მათგანმა ჩხუბების ნახევარზე მეტი სწორედ მეტოქის გათიშვით მოიგო.
ისმის კითხვა - რა დევს სასწორზე, როგორც გიგასთვის, ისე მისი არგენტინელი მოწინააღმდეგისთვის? ვეტერანი მებრძოლი ცდილობს დიდ თამაშში დაბრუნებას და მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ხმაურის მოხდენას ისე, როგორც წლების წინ. კევინი თავის გზას იწყებს ახლა და "ნინძასთან" ჩხუბი მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"ელ ჩინო" პატივს სცემს თავის მოწინააღმდეგეს და ივენთის ჩანიშნვის შემდეგ, მან 37 წლის მებრძოლს მადლობაც გადაუხადა, იმისთვის, რომ ის დამწყებთან ჩხუბს დათანხმდა. ვნახოთ, ვინ გამოვა მოგებული, ერთ მხარეს არის ჭიკაძე კოლოსალური კლასითა და გამოცდილებით, მეორე მხარეს კი ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე მისი 24 წლის მეტოქე.















