29 ივნისს, გამთენიისას ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ისტორიულ ბრძოლას ჩაატარებს. რატომ ისტორიულს? გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მებრძოლი გახდება UFC-ის რიგით მე-10 ჩემპიონი ორი დივიზიონის ქამრით თავის კოლექციაში. განვიხილოთ, თუ როგორ მივიდა "ელ მატადორი" ამ ნიშნულამდე.
საჩემპიონო ქამრის დაცვის რუტინა? არა, ახალი გამოწვევა!
ყველამ კარგად ვიცით თოფურიას განვლილი გზა UFC-ში - ალექს ვოლკანოვსკის დამარცხება და ქვემსუბუქ დივიზიონში ჩემპიონობა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეისთან ტიტულის დაცვა. ქართველი ჩემპიონი მუდმივად ახალი გამოწვევების ძიებაშია და შესაბამისად, ქამრის დაცვის რუტინა მისთვის მოსაბეზრებელი იქნებოდა.
დიახ, არიან მებრძოლები, რომლებიც წლების განმავლობაში ტრიალებენ ერთ წრეზე და იცავენ ქამარს, თუმცა არა ილია. მან უკვე დაამარცხა ქვემსუბუქი დივიზიონის ორი მთავარი მებრძოლი, რითაც "ელ მატადორმა" 66 კილოგრამში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა. დიახ, ამ წონაში არიან სხვებიც, პირობითი დიეგო ლოპესი, მაგრამ ობიექტურად, 28 წლის ჩემპიონისთვის მასთან ჩხუბი გრანდიოზული მოვლენა არ იქნებოდა.
ბრაზილიელ მებრძოლს ჰქონდა ჩემპიონობის შანსი, მას შემდეგ, რაც თოფურიამ დათმო ქამარი, თუმცა ის ავსტრალიელ ვეტერანთან დამარცხდა. 66 კილოგრამში ქართველი ჩემპიონისთვის ყველაფერი გასაგები და დასრულებულია. წინ მას ელის ახალი გამოწვევა: ჩხუბი 70 კგ-ში.
ილია ავიდა ბევრად უფრო კონკურენტუნარიან და ხმამაღალი სახელებით გადატვირთულ დივიზიონში. იქ შეხვდებით მარადიულ, თუმცა ჯერ კიდევ ვარსკვლავურ ქონთენდერებს: დასტინ პორიეს, ჯასტინ გეიჯისა და მაიკლ ჩენდლერს. აღნიშნულ დახასიათებაში ჯდება "ელ მატადორის" მოახლოებული მეტოქე ოლივეირაც.
დიახ, ვიცით, რომ ბრაზილიელი მებრძოლი ერთ დროს იყო მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი, თუმცა ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მათ გარდა, ამ წონაში არიან ახალი თაობის პერსპექტიული მებრძოლებიც, მაგალითად იგივე არმან ცარუკიანი და პედი პიმბლეტი. ამ უკანასკნელთან 28 წლის მებრძოლს გასახსენებელი ოქტაგონში შესვლის გარეშეც დაუგროვდა.
ერთი სიტყვით, მსუბუქ დივიზიონში სუფევს მრავალფეროვნება, თუმცა ისმის კითხვა - სჭირდება, თუ არა ეს ყველაფერი თოფურიას? ქართველი ჩემპიონი 70 კილოგრამში ასვლილას ფიქრობდა მხოლოდ ერთ მეტოქეზე, რომელიც ამ მომენტისთვის უკვე სხვა წონაშია. საუბარია ისლამ მახაჩევის შესახებ.
იყო ბევრი მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ილია უნდა ყოფილიყო ის ქონთენდერი, რომელიც დაღესტნელ ჩემპიონს შეეცილებოდა ტიტულში, მაგრამ სამწუხაროდ, კავკასიური დუელი გაურკვეველი ვადით გადაიდო. დიახ, "ელ მატადორი" ავიდა 70 კილოგრამში, თუმცა იქ მას 33 წლის ჩემპიონი არ დახვდა.
მახაჭკალელი მებრძოლი ავიდა ქვესაშუალო დივიზიონში, მსუბუქის ქამარი კი ვაკანტური გახადა. ეს არის სცენარი, რომელიც 28 წლის ჩემპიონის გეგმებში სულაც არ ჯდებოდა. თოფურიას მიზანია დივიზიონის მთავარ დომინატორებთან მოგება, ასეთი კი 70 კილოგრამს აღარ ჰყავს.
კიდევ ერთი საფეხური რაღაც გრანდიოზულისკენ
როგორც აღვნიშნეთ, ილია არ მიეკუთვნება ე.წ. საჩემპიონო გრაფიკის მქონე რუტინულ მებრძოლებს. ოლივეირას დამარცხების შემთხვევაში, ქართველი მებრძოლი არ დაიწყებს საქმის გარჩევას პირობით გეიჯისთან ან ჩენდლერთან, მას ეს უბრალოდ არ სჭირდება. ვინ არის საინტერესო მეტოქე თოფურიასთვის 70 კგ-ში? ასეთი არის მხოლოდ პიმბლეტი.
წლების წინ დაწყებული დაპირისპირება ოქტაგონს გარეთ, უამრავი უარყოფითი კომენტარითა და შეურაცხყოფით - დიახ, ინგლისელი მებრძოლი რეალურად ერთადერთია, ვისთანაც "ელ მატადორს" ბიფი აქვს. დიახ, "ბედი" ნამდვილად არ არის 70 კილოგრამში საუკეთესო, მაგრამ სიძულვილის ნიადაგზე დაგეგმილი ჩხუბი ყოველთვის საინტერესოა.
აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, 30 წლის მებრძოლი იქნება ის გამონაკლისი შემთხვევა, რომელთანაც ჩხუბი თოფურიასთვის პრინციპული იქნება. სიძულვილი რომ გადავდოთ გვერძე და ყურადღება გავამახვილოთ წმინდა სპორტულ ინტერესზე, ქართველი მებრძოლის გზა ისევ მახაჩევისკენ მიდის.
ილიამ უკვე აღნიშნა, რომ მისთვის არც ქვესაშუალო დივიზიონში ასვლა წარმოადგენს პრობლემას, თუ ეს იქნება დაღესტნელი მებრძოლის ოქტაგონში გამოჭერის ერთადერთი საშუალება. როგორც აღვნიშნეთ, ორ წონაში ჩემპიონობა შეძლო UFC-ის 9 მებრძოლმა, მაგრამ 3 დივიზიონში - ვერცერთმა.
ბევრის აზრით, ეს ყველაფერი მებრძოლის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება, თუმცა "ელ მატადორისგან" გასაკვირი არაფერია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, იქამდე, 28 წლის მებრძოლს ელის ჩხუბი ჩარლზთან, რომელიც შესაძლოა მართლაც აღმოჩნდეს საფეხური რაღაც კიდევ უფრო გრანდიოზულისკენ.















