UFC 321-ს უნდა გამოერკვია მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობა - ტომ ასპინალი თუ სირილ განი, თუმცა ბრძოლა შეწყდა და No Contest გამოცხადდა. მიზეზი: თვალის ტრავმა, რომელიც ფრანგმა მებრძოლმა ინგლისელ ჩემპიონს მიაყენა. პირველი რაუნდის ერთ-ერთ ეპიზოდში განმა სცადა შეტევა, რომლის დროსაც ის თითებით შეეხო ბრიტანელი მეტოქის თვალებს, რაც აკრძალულია.
ასპინალმა ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, ჩემპიონი კვლავ ის არის. მძიმე წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელს ჩაუტარდება გამოკვლევა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რამდენად სერიოზულია ინგლისელი ჩემპიონის თვალის ტრავმა. თუ საქმე გვექნება მსუბუქ დაზიანებასთან, აღნიშნული ჩხუბი უდიდესი ალბათობით უახლოეს მომავალშივე განმეორდება.
რაც შეეხება UFC 321-ის სხვა მოვლენებს, უმარ ნურმაგომედოვმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა მარიო ბაუტისტა და ქამრის დაუფლების სურვილი გამოთქვა. დაღესტნელი მებრძოლის თქმით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება მეტოქე, მერაბ დვალიშვილი თუ პიოტრ იანი.















