დროის გასვლასთან ერთად, ბევრისთვის ძალზედ სანატრი ღონისძიება - UFC 324 ახლოვდება. 25 იანვრის გამთენიას, ლას ვეგასში, დროებითი ქამრისთვის ერთმანეთს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება Co-Main ივენთს, აქაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გაიმართება - სონგ იადონგი თავის შესაძლებლობებს სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის - შონ ომალის წინააღმდეგ გამოცდის. ზემოხსენებული ღონისძიებების შედეგი ორი პოტენციური მოვლენის განმაპირობებელი ფაქტორი იქნება, პირველი - ვინ იქნება ილია თოფურიას სამომავლო მეტოქე და მეორე - ვინ დასახელდება სუპერმსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლის კანდიდატად.
პედი პიმბლეტი VS ჯასტინ გეიჯი
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლივერპულელი კონტენდერი კარიერის პიკში იმყოფება. იგი ამჟამად 7 მოგებიან სერიაზეა, რომელ სიაშიც შედიან ცნობილი კონტენდერები, როგორებიც არიან: ტონი ფერგიუსონი, მაიკლ ჩენდლერი და ბობი გრინი. მიუხედავად იმისა, რომ პედი ბრძოლების უმეტესობას ძალზედ დამაჯერებელი, სანახაობრივი სტილის ფონზე იგებს, რაც, გარკვეულწილად, მისი ჰაიპის მთავარი საფუძველია, უნდა ვაღიაროთ, რომ, ჯერჯერობით, პიმბლეტს საკუთარი საბრძოლო უნარები შესაბამის კონკურენტუნარიან ათლეტებთან არ გაუტესტავს. გულშემატკივართა დიდი ნაწილი პიმბლეტს სწორედ ზემოხსენებული ფაქტის გამო აკრიტიკებს.
მათი აზრით, პედის მოგებათა სერია არც თუ ისე შთამბეჭდავია, ვინაიდან ტონი ფერგიუსონი და მაიკლ ჩენდლერი "ჩამოწერილ" ათლეტთა სიას მიეკუთვნებოდნენ. ამრიგად, გეიჯის ყველა "რთულ გამოცდად" მიიჩნევს, რომლის გადალახვის შედეგადაც, პედი პიმბლეტის კომპეტენტურობა და საჩემპიონო დონე უკვე აღიარებული ფენომენი იქნება.
რაც შეეხება გეიჯის, ამერიკელი მებრძოლი მსუბუქი დივიზიონის დამსახურებული ვეტერანია. 9 წლიანი UFC-ის კარიერის განმავლობაში, "ჰაილაითი" დაუპირისპირდა ისეთ ლეგენდარულ ათლეტებს, როგორებიც არიან: ედი ალვარეზი, დასტინ პორიე (ორჯერ), ედსონ ბარბოზა, დონალდ სერონე, ტონი ფერგიუსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჩარლზ ოლივეირა და მაქს ჰოლოუეი. ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ჯასტინის გამოცდილებას განხილვაც არ სჭირდება, რადგან ზემოხსენებული სიის დანახვისთანავე ყველაფერი ნათელია. ამერიკელ მსუბუქწონოსანს მრავალი სისხლიანი ომი აქვს გადატანილი ლეგენდარული მებრძოლების წინააღმდეგ.
იმისათვის, რომ ამ ორთაბრძოლის პოტენციური სცენარი წარმოვიდგინოთ, დაგვჭირდება მოასპარეზე ათლეტების სტილისტიკის ანალიტიკური ჩაშლა, სისუსტეებისა და უპირატესობების განხილვა და მათი შედარება.
პედი უნივერსალური სპორტსმენია, მის შესაძლებლობებში შედის როგორც ჭიდაობა, ასევე სტრაიკინგი, თუმცა ჩემი აზრით, ამ მებრძოლის გამორჩეული მხარე მისი გრეპლინგია. პიმბლეტს შეხვედრების უმეტესობა საბმიშენით აქვს მოგებული. მარტივად რომ ვთქვათ, პედის "უხეში" სტრაიკინგი აქვს, კარგად გამოსდის ფეხის დარტყმებისა და მრავალფეროვანი კრივის კომბინაციების შეხამება. მის "უხეშ" სტილში ვგულისხმობ იმას, რომ შეტევის დროს, თავდაცვას დიდ ყურადღებას არ აქცევს და ხშირად, თავის არეალი თავისუფალი აქვს. ამის ნათელი მაგალითია მისი დაპირისპირება ჯარედ გორდონთან, რომელშიც ზემოხსენებული პრობლემის გამო არაერთი მძიმე დარტყმა გაატარა. თუმცა, ამავე დროს, მსგავსი სტილი პიმბლეტს საშუალებას აძლევს მოულოდნელად შეუტიოს მეტოქეს არაპროგნოზირებადი კუთხიდან, უცეარი იდაყვებით, მუხლებითა და მფრინავი დარტყმებით, რაც მეტოქეებს ტემპიდან აგდებს.
აღსანიშნავია პედის ამტანობის უნარი და გამძლე ყბა, რომელიც გეიჯისნაირ მებრძოლთან შეხვედრისას ნამდვილად გადამწყვეტია. თუ ინგლისელი ათლეტის სტატისტიკას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ მისი ფავორიტი მახრჩობელა ილეთი სამკუთხედია, გამოვარჩევდი ფინიშს ბობი გრინის წინააღმდეგ. რაც შეეხება პიმბლეტის საბრძოლო ხასიათს, იგი აგრესიული ტიპის სპორტსმენია, ფრთხილ და სტრატეგიულ სვლებს რისკიან და სახიფათო შეტევებს ამჯობინებს. შანსი, რომელიც პედი პიმბლეტს გეიჯის წინააღმდეგ გააჩნია, დისტანციაზე ჰედქიქებითა და ბოდიქიქებით მუშაობა, შემდგომ დისტანციის უეცარი ჩახურვა და ბრძოლის მიწაზე გადაყვანაა, სადაც მას მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით ბრძოლის დასრულების საშუალება მიეცემა.
ჯასტინ გეიჯი ტიპიური სანახაობრივი, მძიმე მოკრივეა. ამერიკელი ათლეტი საკუთარ ზედმეტსახელ - "ჰაილაითს" ნამდვილად ამართლებს. UFC-ის კარიერაში ჩატარებული 14 ორთაბრძოლიდან, მან 14-ვეში ბონუსი დაიმსახურა. ჯასტინი მიეკუთვნება იმ გამორჩეულ კონტენდერთა სიას, რომლებიც ფრთხილ, მოგებაზე კონცენტრირებულ პერფორმანს, სანახაობასა და სისხლიან ბრძოლას ამჯობინებენ. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც ჯასტინ გეიჯის გულშემატკივრები ერთ-ერთ საყვარელ და გამორჩეულ მებრძოლად ასახელებენ. განსაკუთრებული უპირატესობა, რომელიც გეიჯის მოგებათა უმეტესობის საბაბი გახლავთ, მისი არაამქვეყნიური დარტყმის ძალაა. 22 ფინიშიდან მას 19 ნოკაუტით აქვს მოპოვებული, გამოვარჩევდი შეხვედრებს დასტინ პორიესა და ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ. ჯასტინის გამორჩეული მახასიათებელი მისი ამტანობის უნარია - ამერიკელი მებრძოლისთვის, შეხვედრის განმავლობაში მიღებულ ზიანსა და დარტყმების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, იგი ბრძოლას ჯიუტად განაგრძობს.
ყველასათვის ცნობილია ასევე მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული საბრძოლო კოზირი - მძიმე ლეგ ქიქი. გეიჯი სხვა სპორტსმენების მსგავსად, ფეხში დარტყმებს არა აქტივობის გასაუმჯობესებლად და ქულების დასაწერად, არამედ მეტოქისთვის ღრმად დასაზიანებლად იყენებს. თუ დავაკვირდებით მისი სხეულის ტრაექტორიასა და დარტყმის ტექნიკას, მივხვდებით, რომ ჯასტინი ხელებისა და ფეხების დარტყმებს მძიმე ინერციას აძლევს, რაც მრავალი ნოკაუტის წინაპირობა ხდება. ასევე აღსაღნიშნავია მისი ლოუქიქების ეფექტური ტექნიკაც, სადაც იგი სხვა ათლეტებისგან განსხვავებით, მოწინააღმდეგეებს ფეხში მძიმე ზიანს კლინჩის დროს აყენებს, მომენტში, სადაც მთლიანი სხეულის წონა ერთ ფეხზეა გადატანილი. ჯასტინს ასევე ახასიათებს მუდმივი წნეხი და მოწინააღმდეგის გალიასთან მოქცევა, მან ზემოხსენებული მეთოდით მოიპოვა ფინიში ედსონ ბარბოზას, მაიკლ ჯონსონის და ჯეიმს ვიკის წინააღმდეგ. რაც შეეხება გეიჯის სტრატეგიას, დიდი ალბათობით, ამერიკელი კონტენდერი პიმბლეტის მძიმე გაცვლებში შეთრევას შეეცდება, სადაც იგი საკუთარი გამორჩეული დარტყმის ძალის ფონზე ტექნიკურ ნოკაუტს მოიპოვებს.
შონ ომალი VS სონგ იადონგი
UFC 324-ის კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება სუპერმსუბუქ წონაში გაიმართება. ყოფილი ჩემპიონი - შონ ომალი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩინელი კონტენდერის - სონგ იადონგის წინააღმდეგ დაბრუნდება.
ომალი მაღალი დონის სტრაიკერის იდეალური მაგალითია - დისტანციის კონტროლი, მრავალფეროვანი, ხანგრძლივი კომბინაციები, კუთხეებისა და დგომის ხშირი ცვლილება და გამორჩეული ტაიმინგი. დგომში მუშაობისას, ომალი მუდმივად მოძრაობს და უამრავ ე.წ "ფეინტს" აკეთებს, რაც მისი მეტოქეების უმეტესობას იძულებულს ხდის. რომ შეცდომა დაუშვან. მოწინააღმდეგის მცდარ მოძრაობას ომალი ზუსტი დარტყმით პასუხობს, რაც ხშირად ტექნიკური ნოკაუტის მიზეზი ხდება. ამის ზუსტი მაგალითია მისი და ალჯამაინ სტერლინგის საჩემპიონო შეხვედრა, რომელშიც შონმა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ომალი საბრძოლო უნარი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს, მისი სისწრაფეა. ყოფილ ჩემპიონს გამოსდის როგორც ჩქარი შეტევები, ასევე მის რეფლექსების ფონზე არსებული თავდაცვა. ფეხებით მუშაობისას ამერიკელი კონტენდერი ყურადღებას ფრონტ ქიქებს ანიჭებს, თავსა და ტანში. დიდ როლს თამაშობს ასევე მისი გამოცდილება, ომალიმ საკუთარი ძალები დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლების წინააღდეგ გამოცადა.
სონგ იადონგი სრულიად განსხვავებული ტიპის სტრაიკერია, ნაკლები მოძრაობა, მტკიცე, ძლიერი დარტყმები. შონ ომალისგან განსხვავებით, იადონგს მძიმე ხელები და შესანიშნავი ფიზიკური ძალა აქვს. ჩინელ სპორტსმენს კარგად გამოსდის ბრძოლის წყნარი ტემპის შენარჩუნება და სწორ მომენტში ნოკაუტის მოპოვება. სხვა ათლეტებისგან განსხვავებით, იადონგი სიმშვიდეს არ კარგავს მაშინ, როდესაც იგი წნეხის ქვეშ იმყოფება.
ბრძოლის პოტენციური სცენარი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა სონგი დისტანციის შემცირებას. თუ ომალი მოახერხებს სივრცის კონტროლს და დისტანციაზე მუშაობას, ბრძოლა მის სასიკეთოდ განვითარდება - ქულებით დაგროვებული უპირატესობა ბრძოლას მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. თუმცა, თუ სონგი შეძლებს კლინჩში გადასვლას და ომალის რიტმის დარღვევას, ამერიკელს გაცილებით რთული საღამო ექნება.
UFC 324, ლას ვეგასში,25 იანვარს,T Mobile Arena-ზე გაიმართება.















