პირველ თებერვალს, ლას ვეგასში, T-Mobile არენაზე მორიგი მნიშვნელოვანი ღონისძიება - UFC 325 გაიმართება. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ორგანიზაციის ლეგენდა - ალექსანდერ ვოლკანოვსკი და ახალგაზრდა მებრძოლი - დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება Co-Main ივენთს, დენ ჰუკერი ფრანგი სპორტსმენის - ბენუა სენტ დენისის დამარცხებასა და საჩემპიონო გზის გაკაფვას შეეცდება.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი VS დიეგო ლოპესი
ზემოხსენებული ათლეტების შეხვედრა ჩვენთვის უკვე ნაცნობია, ვინაიდან მათი პირველი ბრძოლა გასული წლის 12 აპრილს ვიხილეთ, რომელშიც გამარჯვება ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ვოლკანოვსკიმ ამ დაპირისპირების მეშვეობით ფანთა უმრავლესობას საკუთარი მაღალი დონის საბრძოლო უნარები და საჩემპიონო ხასიათი კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შეხვედრა გამორჩეულად კონკურენტუნარიანი იყო და ლოპესმა ავსტრალიელი ჩემპიონის წინააღმდეგ საკუთარი ძალები ღირსეულად წარმოაჩინა. დივიზიონის ცალსახა პასიურობასთან ერთად, სწორედ რომ ზემოხსენებული ფაქტი გახლავთ მორიგი ღონისძიების მთავარი მიზეზი. ახალგაზრდა კონტენდერს ეძლევა კიდევ ერთი შანსი, რათა მსოფლიოს თავისი პირველობა დაუმტკიცოს.
ვოლკანოვსკი მსუბუქი დივიზიონის აბსოლუტური ლეგენდაა და მეტიც, იგი ამ სპორტის GOAT-ად მიიჩნევა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ილია თოფურიასთან არსებულ მარცხამდე, ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ დივიზიონში უძლეველი იყო და მრავალი წლის განმავლობაში, იგი დაუმარცხებელი ჩემპიონის სახელს ატარებდა. ოკეანელი ათლეტის ანგარიშზეა გამარჯვება ჩად მენდესის, ჟოზე ალდოს, მაქს ჰოლუეის, ბრაიან ორტეგასა და იაირ როდრიგეზის წინააღმდეგ. გამოვარჩევდი მის ტრილოგიას ჰოლოუეისთან, სადაც ალექსმა სამივე ორთაბრძოლაში 5 რაუნდიანი დომინირების ფონზე გამარჯვების მოპოვება შეძლო.
66კგ წონითი კატეგორიის გარეთ, ვოლკანოვსკიმ საკუთარ თავზე ორჯერ გამოსცადა მსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის - ისლამ მახაჩევის შესაძლებლობებიც. ორივე შეხვედრაში ვოლკი დამარცხდა, თუმცა მათი პირველი შეხვედრა, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და უსამართლო ბრძოლადაა ჩაწერილი. ალექსმა მახაჩევს 5 რაუნდის განმავლობაში ბევრისათვის წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ზემოხსენებული მოვლენის გამო, უამრავი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ გამარჯვება რეალურად არა ისლამს, არამედ ვოლკანოვსკის ეკუთვნოდა. რაც შეეხება მათ რემატჩს, მახაჩევმა აქ გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტის ხარჯზე მოიპოვა, რომელიც ბევრის აზრით, ვოლკის მოუმზადებელი წინა-საბრძოლო გარემოებითა და მრავალი სხვა მიზეზით იყო განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ 37 წლის ჩემპიონის განვლილი გზა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ამასთან ერთად, ეკლიანია.
დიეგო ლოპესი UFC-ში სულ რაღაც 3 წელია იმყოფება და მსგავსი მოკლე პერიოდის მიუხედავად, ბრაზილიელმა მებრძოლმა არაერთი კონტენდერის დამარცხება და საჩემპიონო ბრძოლაზე ასპარეზობა შეძლო. მისი სტატისტიკა UFC-ში 6 გამარჯვებითა და 2 მარცხით შედგება, მოვსარ ევლოევისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინაღმდეგ. გამოვარჩევდი მის უკანასკნელ პერფორმანსს ჟინ სილვასთან, სადაც დიეგომ სილვა მბრუნავი იდაყვით დაანოკაუტა. იმისათვის, რომ სამომავლო ღონისძიების პოტენციური შედეგი წარმოვიდგინოთ, ან დაახლოებით სცენარს მივხვდეთ, უკანასკნელ ბრძოლაზე დაყრდნობით, ორივე მებრძოლის სისუსტეები და უპირატესობები უნდა გავაანალიზოთ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ UFC 314-ის მთავარი ორთაბრძოლა წლის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა იყო, რადგან მოასპარეზე ათლეტებმა შეძლეს და მაყურებლებს ტექნიკასთან თანაარსებული აგრესია აჩვენეს. ზემოხსენებულ შეხვედრაში ლოპესმა ვოლკანოვსკის დანოკდაუნებაც შეძლო, რაც მის დარტყმის ძალაზე ბევრს გვეუბნება.
ვოლკანოვსკი UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მებრძოლია, რადგან მის შესაძლებლობებში შედის როგორც სტრაიკინგი, ასევე გამორჩეული გრეპლინგიც. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული პირველი შეხვედრა მახაჩევთან, სადაც ავსტრალიელმა მებრძოლმა ისლამი გდებებისაგან თავი საოცრად დაიცვა. ხაზს გავუსვამ ალექსის შეუდარებელ ტექნიკასა და საბრძოლო აიქიუს. ვოლკანოვსკის მიერ დაწყებულ შეტევების უმრავლესობის წინ დიდი სტრატეგია დგას. აღსანიშნავია ალექსის ჯები, რომელსაც მრავალფეროვან კომბინაციებთან ერთად ახამებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლკანოვსკის მახასიათებელი გამთიშავი დარტყმა არაა, უნდა ვაღიაროთ, რომ მას ტექნიკური ნოკაუტიც მშვენივრად გამოსდის. გამოვარჩევდი ფინიშს იაირ როდრიგეზის წინააღმდეგ, რომელშიც მან პირდაპირი მნიშვნელობით MMA-ის მასტერკლასი დაგვანახა - კრივის მრავალფეროვანი კომბინაცია, კლინჩში მუშაობა, გდება და შემდგომ ბრწყინვალე გრაუნდ ენდ ფაუნდი. ვოლკანოვსკის ძლიერი მხარეა ასევე ქიქებიც, ფეხებსა და ტანში.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ალექსის მეტოქეებისთვის ხშირ შემთხვევებში გადამწყვეტი ხდება მისი მუდმივი მოძრაობა და სტამინაა. ავსტრალიელ ჩემპიონს შეუძლია 5 რაუნდის განმავლობაში გაუჩერებლად იმოძრაოს და თავისი მოწინააღმდეგე უეცარი დისტანციის ჩახურვით, შემდეგ კი ხანგრძლივი შეტევით შეაწუხოს, რაც დაზიანებასთან ერთად, მათ გამოფიტვასა და ფსიქოლოგიურ გატეხვას განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ვოლკი უკვე 2-ჯერ ვიხილეთ დანოკაუტებული, მისი ამტანობა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი, რადგან ალექსის ყბის გამძლეობა ლოპესთან ბრძოლაშიც კარგად დავინახეთ. ვოლკანოვსკის არსენალში მრავალი უნარი შედის, თუმცა ცნობილია, რომ მისი საყვარელი დარტყმა ჯების შემდგომი პირდაპირია, რომელიც მის ერთგვარ ხელწერადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ალექსი ზემოხსენებულს სწრაფად, სწორ მომენტში იყენებს, რომელსაც ხელს მისი კორპუსის მოძრაობაც უწყობს - იგი პირდაპირ დარტყმას მოკლე, დახურული არეალიდან ანხორციელებს და ტანითაც წინ მიდის.
გამარჯვების მოსაპოვებლად, ქვემსუბუქი დიზივიონის ჩემპიონს 5 რაუნდის განმავლობაში მუდმივი მოძრაობა, ტექნიკური მუშაობა და ლოპესის მძიმე გაცვლებისაგან თავის არიდება დასჭირდება, რაც ჩემი აზრით, შეხვედრას მის სასიკეთოდ მსაჯთა ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
მიუხედავად იმისა, რომ ლოპეზიც და ვოლკანოვსკიც პრივილეგიას დგომში ბრძოლას ანიჭებენ, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი სრულიად განსხვავებული სტილისტიკის სტრაიკერები არიან. როგორც ზემოთ ვახსენე, ალექსი მრავალფეროვანი, ტექნიკური კიკბოქსიორია, დიეგო კი ტიპიური მძიმე სტილის მოკრივე გახლავთ. განსხვავება მოიძებნება ასევე საბრძოლო ხასიათში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მენტალურად ძლიერი ათლეტია, დიეგო ლოპესი ბევრად ბრაზიანი და ფეთქებადია. ამ ყველაფერს ადასტურებს მისი ფინიშების უმეტესობაც, განსაკუთრებით კი გამარჯვება ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ.
დიეგოს შეტევისას ახასიათებს მძლავრი ჰუკები და ოვერჰენდები, რომელშიც შეთრევა ბევრი მებრძოლისთვის დანოკაუტების ტოლფასი ხდება. თუ ლოპეზის კარიერას თვალს გადავავლებთ, მარტივად მივხვდებით, რომ იგი ჩეხაობისა და სისხლიანი შეხვედრების დიდი მოყვარულია, რომელსაც მისი გამძლეობაც ხელს უწყობს.
უკანასკნელი ჟინ სილვასთან არსებული ფინიში გვეუბნება, რომ ბრაზილიელი კონტენდერის არსენალში ახალმა იარაღმა - იდაყვმაა გამოიჩინა ადგილი. სილვასთან გამარჯვების შემდეგ, ლოპესმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც ზუსტად იმავე კომბინაციას ამუშავებდა საბრძოლო კემპში, რომლითაც ჟინთან ფინიში მოიპოვა. ჩემი აზრით, UFC 325-ის მთავარ ღონისძიების მსვლელობისას, ზემოხსენებული მოძრაობას ბევრჯერ ვიხილავთ.
ამრიგად, შანსი რომელიც ბრაზილიელ ჩელენჯერს 66კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონის წინააღმდეგ გააჩნია, ვოლკის მძიმე გაცვლებში შეთრევა ან სწორი მომენტის მოპოვება და ბრძოლის ტექნიკური ნოკაუტით დასრულებაა.
UFC 325-ის მთავარი ქარდი ჩვენი დროით დილის 06:00-ზე დაიწყება.















