დღეს, 21:00 საათზე გაიმართება UFC Baku-ს ივენთი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენი აღნიშნულ ქალაქში ღონისძიებას პირველად ატარებს. განვიხილოთ, თუ რა ჩხუბებს უნდა ველოდოთ მოახლოებული ივენთისგან.
ჯამალ ჰილი VS ხალილ რანთრი უმცროსი
ივენთის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ჰილი და რანთრი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ორივე მებრძოლმა 2024 წელი ალექს პერეირასთან წაგებით დაასრულა. იმის შემდეგ, ჯამალი მიმდინარე წლის იანვარში ჟირი პროხასკასთანაც დამარცხდა. ბაქოში გასამართი ღონისძიება კარიერის რეანიმირების შანსი ორივე მებრძოლისთვის იქნება.
რაფაელ ფიზიევი VS იგნასიო ბაჰამონდესი
გამარჯვების გემოს გახსენება სჭირდება ფიზიევსაც, რომელსაც 2022 წლის ივლისის შემდეგ არ მოუპოვებია გამარჯვება. იმის შემდეგ, აზერბაიჯანელმა მებრძოლმა წააგო 3-ჯერ: 2-ჯერ ჯასტინ გეიჯისთან და ერთხელ მატეუშ გამროტთან. დღეს, უსიამოვნო სერიის შეწყვეტას რაფაელი მშობლიურ მიწაზე ეცდება.
"ატამანის" მოწინააღმდეგე არის ნოკაუტების ოსტატი ბაჰამონდესი, რომლის გამარჯვებათა სერია სამ ბრძოლას შეადგენს. მებრძოლი ზედიზედ 3 მოგებით, მებრძოლის წინააღმდეგ, რომელსაც ზედიზედ 3 წაგება აქვს. ველით სანახაობრივ და დასამახსოვრებელ ჩხუბს, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც 32 წლის მებრძოლის, ისე იგნასიოს მთავარი იარაღი სწორედ ნოკაუტი არის.
ნაზიმ სადიხოვი VS ნიკოლას მოტა
აღნიშნული ბრძოლა საინტერესო იქნება იმით, რომ სადიხოვის კუთხეში მერაბ დვალიშვილი იქნება. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს ძალიან მოეწონა ის ატმოსფერო, რომელიც UFC Baku-ზე სუფევს და "მანქანამ" იმედი გამოთქვა, რომ ერთხელაც ღონისძიება საქართველოში ჩატარდება.
რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანელი მებრძოლისა და მოტას ბრძოლას, პირველი მათგანი UFC-ში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. დიახ, ნაზიმმა წააგო პირველი ჩხუბი კარიერის სტარტზე, მაგრამ იმის შემდეგ, მან არ იცის, თუ რა არის მარცხი. ბრაზილიელ მებრძოლს თავის მხრივ სერია აქვს ზედიზედ 2 მოგებით.















