
კარლოს პრატესი კი განსხვავებული მებრძოლია, ის მუაი ტაის ოსტატია. ბრაზილიელ „კოშმარს“ უმძიმესი დარტყმები აქვს და UFC-ში გამართულ სამივე ბრძოლაში მოგების მოპოვება ნოკაუტით შეძლო. უკანასკნელ ბრძოლაში ჯინგლიანგ ლი დაანოკაუტა. მიუხედავად იმისა, რომ ლი ჯერ აქამდე არავის ჰყავდა დანოკაუტებული, პრატესმა ჩინელი უპრობლემოდ დაამარცხა. ორგანიზაციაში დებიუტი კარლოსს ტრევინ ჯაილსის წინააღმდეგ ჰქონდა, რომელიც საკმაოდ კარგი მებრძოლია. ბოლოს და ბოლოს, ჯაილსს რომან დოლიძე ჰყავს დამარცხებული. თუმცა, პრატესმა მეორე რაუნდის მიწურულს ისიც დაანოკაუტა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბრაზილიელმა სამი ბრძოლა გამართა და სამივეში საღამოს ბონუსის სახით დამატებით 50 000$ მიიღო. ვფიქრობ, რომ არც ნილ მაგნის ბრძოლა იქნება გამონაკლისი. კი, მაგნი, როგორც წესი, დგომში ნოკაუტებით არ აგებს, მაგრამ არც ლი აგებდა ნოკაუტებით. რეალურად, ამ ჩხუბში მოჭიდავე და სტრაიკერი გაარკვევენ საქმეს და გავიგებთ პრატესს როგორი დაცვა აქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრატესი მალევე მოახერხებს KO-თი მოგების მოპოვებას.

კოდი გარბრანდტი VS. მაილს ჯონსი
კოდი ნამდვილი ლეგენდაა, იგი ყოფილი ჩემპიონია, რომელმაც ბევრი ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მისი საუკეთესო წლები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ბოლო რამდენიმე ბრძოლაში მას გამონათებები ჰქონდა, თუმცა მარცხებიც საკმაოდ დააგროვა. მისი 2-მოგებიანი სერია დეივესონ ფიგეირედომ ამავე წლის აპრილში დაასრულა. მანამდე კი ბრაიან კელეჰერი და ტრევინ ჯონსი ჰყავდა დამარცხებული. მაილს ჯონსი ბევრისთვის უცნობი ათლეტია. ის საკმაოდ კარგი მებრძოლია, რომელსაც ჭიდაობა შეუძლია და საკმაოდ მძიმე ხელებიც აქვს.

ამ ბრძოლაში ვფიქრობ, მოგების მეტი შანსი მაილსს აქვს. ბოლო პერიოდში კოდი ხშირად შედის უაზრო გაცვლებში, სადაც თავის მოძრაობას ნაკლებად იყენებს და ამის გამო ხშირად მძიმე დარტყმები ხვდება. დროის სვლასთან ერთად კი მისი ყბა უფრო და უფრო სუსტდება და დარტყმების მიმართ ნაკლებად რეზისტენტულია. სწორედ მისი მძიმე ხელების და კოდის სუსტი ყბის გამო მაილს ჯონსს დგომშიც კარგი შანსები აქვს. თუ ამას ჭიდაობის უნარებსაც დავუმატებთ, ვფიქრობ, საკმარისი უნდა აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ჯონსმა მოგება გაინაღდოს. თუმცა, კოდი სიურპრიზებით აღსავსე მებრძოლია და უშანსოდ ნამდვილად არ არის.
ჯერალდ მერშარტი VS. რეინიერ დე რიდერი
ჯერალდი ორგანიზაციის ვეტერანია, რომელიც უკვე დიდი ხანია UFC-ში ახალ მოსულ კონტენდერებს ეგებება. მაგალითისთვის, ხამზატ ჩიმაევიცა და ჯო პაიფერიც UFC-ის კარიერის საწყის ეტაპებზე სწორედ ჯერალდმა გატესტა. გამოცდა ორივემ წარმატებით ჩააბარა, ბრძოლის გამართვა ხამზატმაც და ჯომაც დგომში ამჯობინეს და ნოკაუტით მოგებაც მოახერხეს.


ჯერალდი ახლა 2-მოგებიან სერიაზეა. მის უკანასკნელ ბრძოლაში ედმენ შაჰბაზიანი დაამარცხა. 10 ნოემბერს მერშარტის მეტოქე „ჰოლანდიელი რაინდი“ - ძალიან მაგარი მებრძოლი იქნება. რეინიერ დე რიდერი One-ის ყოფილი ჩემპიონია და დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო. დე რიდერმა One-ის ქამარი არა თუ მოიგო, არამედ საკმაოდ ძლიერი ოპონენტების - კიამრიან აბასოვისა (23-4 იმ დროისთვის) და ვიტალი ბიგდაშის (12-2 იმ დროისთვის), წინააღმდეგ 2-ჯერ დაიცვა. საბოლოოდ, ნიდერლანდელი კარიერაში პირველად (შემდეგ რემატჩშიც) One-ის სამი დივიზიონის ჩემპიონ ანატოლი მალიხინთან დამარცხდა. სტილისტურად ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივეს ფენომენალური გრეპლინგი აქვს - დგომში კი საკმაოდ სუსტები არიან. ჯერალდ მერშარტი ჩამოსაწერი მებრძოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ნიდერლანდელის რეზიუმესა სტატუსის გათვალისწინებით ამ ბრძოლაში უპირატესობას სწორედ მას მივანიჭებ.

ლუანა პინეირო VS. ჯილიან რობერტსონი
რობერტსონს გამორჩეული სტილი აქვს. ბოლო ხუთ ბრძოლაში მას ოთხი მოგება აქვს, პარალელურად გრეპლინგის ორ მატჩშიც მოიპოვა გამარჯვება. ჯილიანი ძალიან გამოცდილი და საკმაოდ ძლიერი გრეპლერია, მისი მოწინააღმდეგე კი ბრაზილიელი მებრძოლია, რომელსაც საკმაოდ ცუდი სერია აქვს. UFC-ში ზედიზედ ორ მარცხთან ერთად ლუანა პინეირომ გრეპლინგის მატჩიც დათმო. ვფიქრობ, რომ გამოცდილების ხარჯზე რობერტსონმა უნდა შეძლოს და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვოს. ამასთან, რობერტსონი საკმაოდ კარგ სერიაზეა, სავარაუდოდ, ლუანასთვის ის ზედმეტად დიდი ლუკმა იქნება.
















