22 მარტს, ჩვენი დროით 00:00 საათიდან გაიმართება UFC Fight Night-ი - ივენთი, რომლის მასპინძელი ლონდონში მდებარე The O2 Arena არის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს რომან დოლიძეც, რომლის მოწინააღმდეგე კრისტიან ლეროი დანკანი იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული საღამოსგან.
საღამო, როცა MMA-ს ცენტრი ლონდონი იქნება
ნაცნობი კონცეფცია - მასპინძელი ქვეყნის მებრძოლები დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ. ბრიტანელების მხრიდან ოქტაგონში შევლენ მაიკლ პეიჯი, ოსტინ ლეინი, მეისონ ჯონსი, ნათანიელ ვუდი, ზემოაღნიშნული დანკანი და სხვები. რაც შეეხება მეინ ივენთს, ერთმანეთს შეხვდებიან მებრძოლები წაუგებელი სერიით: ლერონ მერფი და მოვსარ ევლოევი.
რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლის ანგარიშზეა 19-დან 19 გამარჯვება, მისი ინგლისელი მეტოქის კი 17 მოგება და ერთი ფრე. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ინგუშ მებრძოლსა და "აისმენს" შორის მოგებული საჩემპიონო ჩხუბში დაუპირისპირდეს 66 კილოგრამ დივიზიონის მთავარ დომინანტს, ალექს ვოლკანოვსკის.
ორი დაუმარცხებელი მებრძოლის დუელი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მათგანი ამ საპატიო სტატუსს დაკარგავს. ფავორიტად მოიაზრება ევლოევი, რომელიც 66 კილოგრამ დივიზიონის ტოპ 15-ში ამჟამად მე-4 პოზიციას იკავებს. მისი 34 წლის მოწინააღმდეგე მე-10 საფეხურზეა.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი მებრძოლია და ამ ფაქტს ვერც წაუგებელი სერია შველის. თავად განსაჯეთ: მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში დებიუტის მომენტიდან, ანუ 2019 წლიდან, მოვსარი იგებს მხოლოდ გადაწყვეტილებით, მათ შორის ერთი სფლითითაც იყო.
ამ ფაქტს ხშირად უსვამს ხაზს ილია თოფურია, როდესაც ავლებენ პარალელს მასსა და ინგუშ მებრძოლს შორის. მერფის რეზიუმე უფრო მრავალფეროვანია: მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში მოპოვებული 9 მოგებიდან, 3, KO-თი იყო. ინგლისელმა მებრძოლმა გათიშა მაკვან ამირხანი, აარონ პიკო და რიკარდო რამოსი.
რომან დოლიძე V კრისტიან ლეროი დანკანი
დოლიძეს ჰქონდა წარმატებული სვლა, რომელიც მოიცავდა ზედიზედ სამ გამარჯვებას, თუმცა გასული წლის აგვისტოში მისი სერია ენტონი ერნანდესთან წაგებით შეწყდა. ქართველი მებრძოლი ეცდება რეაბილიტირებას, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, რადგან მისი მოწინააღმდეგე KO-ს ცნობილი ოსტატია.
რა ვიცით ლეროი დანკანის შესახებ? მის ანგარიშზე არის 13 გამარჯვება და ორი მარცხი, ბრძოლების უმეტესობა (77 პროცენტი) მან როგორც აღვნიშნეთ, KO-თი მოიგო. ინგლისელმა მებრძოლმა 2025-ში გამარჯვება მოიპოვა 3/3 ჩხუბში: ანდრეი პულიაევთან, ერიკ ანდერსსა და მარკო ტულიოსთან.
საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში კრისტიანი ჯერ არ არის. რაც შეეხება რომანს, შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე არის 15 გამარჯვება და 4 წაგება. 2025 წელს "კავკასიელმა" მოუგო მარვინ ვეტორის, მაგრამ აღნიშნული ჩხუბიდან რამდენიმე თვეში როგორც აღვნიშნეთ, ის მექსიკელ მოწინააღმდეგესთან დაფინიშდა.
37 წლის მებრძოლი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში ამჟამად მე-11 ადგილზე არის. როგორ შეიძლება მოახლოებული დაპირისპირების შეფასება? დოლიძეს ზურგს უმაგრებს გამოცდილება, "სიელდის კი შინაური კედლების ფაქტორი. ჩვენი მებრძოლი უკვე 6 წელია, რაც ჩხუბობს მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, მაშინ, როცა მისი 30 წლის მოწინააღმდეგე თავის გზას ახლა იწყებს.
თეორიის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ მებრძოლს უმაღლესი დონის სტრაიკერთან გასამკლავებლად ჭიდაობაზე ორიენტირებული ტაქტიკის გამოყენება მოუწევს. რომანის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ გრეპლინგია და მან ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცა.
ბოლოს დავამატებთ იმასაც, რომ "კავკასიელს" უკვე აქვს ლონდონში ბრძოლის გამოცდილება - 2023 წლის მარტში გამართულ ივენთზე მან ვეტორისთან წააგო. მსაჯთა გადაწყვეტილებას ბევრი არ დაეთანხმა და 2 წლის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, 37 წლის მებრძოლმა თავის იტალიელ მოწინააღმდეგესთან რევანშის აღება შეძლო.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა დოლიძე ინგლისის დედაქალაქში პირველი გამარჯვების მოპოვებას. ლეროი დანკანთან მოგება მის სტატუსს მნიშვნელოვნად აამაღლებს და 84 კილოგრამ დივიზიონის ქონთენდერობას კიდევ ერთხელ მიაახლოვებს. ქართველ მებრძოლს საამისოდ ინგლისელი მოწინააღმდეგის დაფინიშება სჭირდება.















