„პოატანი” რამდენიმე დღის წინ აზარტული თამაშის, ავიატორის, ოფიციალური პარტნიორი გახდა, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია ის საქართველოს. ლონდონიდან ჩამოფრენის, ხინკლისა და ხაჭაპურის დაგემოვნების, თბილისის ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ ალექს პერეირამ დაახლოებით 1 საათი ადგილობრივ სპორტულ მედიასთან შეხვედრისთვისაც გამოყო. მასთან საუბარი საქართველოში სტუმრობის შესახებ კითხვით დავიწყეთ:

კითხვა: ალექს, მიხარია, რომ თქვენთან საუბრის საშუალება გვაქვს. მოგვიყევით თქვენი ვიზიტის შესახებ.
ალექსი: საქართველოში ჩემმა ახალმა პარტნიორმა დამპატიჟა. ცოტახნის წინ „ავიატორის” ბრენდ ამბასადორი გავხდი. Spribe-თან ერთად ლონდონში სპეციალურ გამოფენას ვესწრებოდი, შემდეგ კი მათთან საქართველოში სტუმრობა გადავწყვიტე.
კითხვა: თუ მოასწარით აქაურობის დათვალიერება, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
ალექსი: საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნო ადგილია. აქაურობა ძალიან მომწონს.
ალექს პერეირა ეპოქალური სპორტსმენია. კიკბოქსინგის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია GLORY-ში ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ MMA-ის კარიერა 2015 წელს დაიწყო. 8 წლისა და 11 ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის 11 ნოემბერს, UFC-ის ქვემძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში, ჟირი პროჰასკას დამარცხების შემდეგ „პოატანმა” საკუთარი სახელი სპორტის ისტორიაში ლეგენდარული ათლეტების სიას დაამატა. საინტერესოა, UFC-ის მეორე დივიზიონში გამეფების შემდეგ რა იქნება ბრაზილიელის მომდევნო ნაბიჯი.
კითხვა: რას აკეთებს ახლა ალექს პერეირა? ვარჯიშობთ? მედიაში აქტიურად ვრცელდება ჭორები UFC300-ზე მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის თქვენი და ტომ ასპინალის დაპირისპირების შესახებ. მაინტერესებს, თუ გეგმავთ მძიმე წონაში გადასვლას?
ალექსი: მართალია ახლა პარტნიორობის ფარგლებში ვმოგზაურობ, მაგრამ ფორმას ვინარჩუნებ. ყოველთვის ვვარჯიშობ. ვცდილობ, აქტიური ჩემპიონი ვიყო და ხშირად ვიბრძოლო. რაც შეეხება მძიმე წონას, ახლა ჩემს დივიზიონზე ვარ კონცენტრირებული, პირველ რიგში მინდა, რომ ქამარი დავიცვა. ჩემს ორგანიზმს ყოველთვის ვუსმენ, მომდევნო ნაბიჯებს ორგანიზმის არსებული მდგომარეობა მკარნახობს. შესაბამისად, მძიმე წონაში ასვლაზე შესაბამის დროს დავფიქრდები, მაშინ, როდესაც ჩემი სხეული ამისთვის მზად იქნება.
ალექს პერეირას შესახებ ინფორმაციის მოძიების დროს ინტერნეტში აუცილებლად გადააწყდებით 15 წლის წინანდელ ფოტოს. სან პაულუს ფაველაში გაზრდილი „პოატანი” 2009 წელს მანქანის საბურავების მაღაზიაში მუშაობს და ალკოჰოლიზმს ებრძვის.
კითხვა: ცოტა წარსულზეც ვისაუბროთ, მწვერვალების დაპყრობამდე ძალიან რთული ცხოვრება გაიარეთ. მშობლიურ ქალაქში უბრალო მაღაზიაში მუშაობდით და ალკოჰოლთან სერიოზული პრობლემები გქონდათ. შემდეგ კი იყო თავბრუდამხვევი წარმატება — ორი დივიზიონის ჩემპიონობა GLORY-სა და UFC-ში. როგორ მოახერხეთ ამგვარი წინაღობების გადალახვა და იქამდე მისვლა, სადაც ახლა ხართ?

ალექსი: ჩემი წარმატების მიღმა უმძიმესი შრომა და თავდადებაა. მაშინაც კი, როცა საბურავების მაღაზიაში ვმუშაობდი თავს 100%-ით სპორტს ვუძღვნიდი. იმ დროს დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პროფესიონალი ათლეტი გავხდებოდი, თუმცა ვარჯიშის დროს ამ ეჭვებს თავის დათრგუნვის საშუალებას არ ვაძლევდი. მჯერა, რომ უკომპრომისობისა და თავგანწირვის გამო ომის ღმერთმა დამაჯილდოვა.
ისრაელ ადესანია — პერსონა, რომლის ხსენების გარეშე ალექს პერეირას შესახებ სრულფასოვნად ვერ ისაუბრებ. ორ განსხვავებულ სპორტში გამართული ოთხი ბრძოლა და კომბატ სპორტის ყველაზე მომნუსხველი მეტოქეობა — ადესანია VS პერეირა „პოატანის” დიდებულების ქვაკუთხედია.
კითხვა: თქვენთან საუბრის დროს ისრაელ ადესანიასთვის თავის არიდება შეუძლებელია. მან თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადრე თქვით, რომ სწორედ მან მოგცათ კიკბოქსინგიდან MMA-ში გადასვლის მოტივაცია. თქვენ ის სამჯერ დაამარცხეთ და შეიძლება ითქვას, რომ მის წინააღმდეგ დომინირებთ, თუმცა მასთან ბრძოლა კიდევ გსურთ. მაინტერესებს, რა გიბიძგებთ იმისკენ, რომ ადესანიასთან შესახვედრად ისევ გატაცებით მოემზადოთ?
ალექსი: ჩვენი დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მართალია, ადესანიას ერთ-ერთმა ინტერვიუმ MMA-ში კარიერის დაწყებაზე დამაფიქრა. მინდოდა მსგავსი რამ მექნა, ამიტომ გამოვიწვიე.
კითხვა: თქვენი ბრძოლები საჭადრაკო პარტიებს ჰგავს. აშკარაა, რომ შეხვედრებამდე ტაქტიკურად ორივე ბრწყინვალედ ემზადებოდით. თქვენი აზრით, არსებობს ისეთი რამ, რაც ერთმანეთის შესახებ ჯერ კიდევ არ იცით?
ალექსი: რთული სათქმელია. ერთმანეთს ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ. იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ისევ შევხვდებით, როგორც მე, ასევე ისრაელიც ჩვენს საბრძოლო გეგმაში მცირე შესწორებებს შევიტანთ, თუმცა სიურპრიზების შეთავაზება არც ერთს გამოგვივა. დიდი ალბათობით, პოტენციური ბრძოლის მიმდინარეობა და სტილი წინა დაპირისპირებების მსგავსი იქნება.
ლეგენდარულ ბრაზილიელთან შეხვედრისთვის გამოყოფილი დრო ნელ-ნელა გვეწურებოდა. ალექსის გარემოცვა ჩქარობდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მასთან მხოლოდ ბოლო კითხვაღა მრჩებოდა. გადავწყვიტე, კომბატ სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურისთვის ოქტაგონისა და რინგის მიღმა ცხოვრებაზე მეკითხა, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურობას ავსებენ და მის პიროვნებას განსაზღვრავენ. კომბატ სპორტში ალექს პერეირას ეპიკურ ოდისეას დასკვნით ნაწილში ასევე ლეგენდარული, UFC-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი, გლოვერ ტეიშეირა შეუერთდა. კარიერის საუკეთესო მომენტები „პოატანმა” გლოვერთან ერთად გაიზიარა.
კითხვა: განსაკუთრებული ათლეტები განსაკუთრებულობას ოქტაგონისა და რინგის მიღმაც ინარჩუნებენ. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ალექს პერეირას შექმნაში დიდი წვლილი აქვთ. ჩვენთვის ცნობილია გლოვერ ტეიშეირასთან თქვენი დამოკიდებულების შესახებ. მოგვიყევით ამ ადამიანებზე.
ალექსი: გარემოცვასა და უახლოეს ადამიანებს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და ჩემ გარშემო ბრწყინვალე ადამიანები არიან. გლოვერი სწორად ახსენეთ, მასთან მჭიდრო ურთიერთობა 2017 წლიდან მაქვს. ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის, მებრძოლის განცდების გაგება ბევრს არ შეუძლია, გლოვერი კი ამ სპორტში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა და უკვე ყველაფერი გამოსცადა. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, მისგან მაინც უამრავ რამეს ვსწავლობ.















