არმან ცარუკიანის შემდეგი მოწინააღმდეგე ცნობილია. 22 ნოემბერს, მას ელის ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ, UFC-ის მიერ კატარში გასამართ ღონისძიებაზე. შეგახსენებთ, რომ იგივე ივენთზე იჩხუბებს ალექსანდრე თოფურია და მისი მეტოქე ბეკზატ ალმახანი იქნება.
რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა არ ჩაივლის ილია თოფურიას გარეშე, რომელიც თავისი ძმის კუთხეში აღმოჩნდება. დავუბრუნდეთ სომეხ მებრძოლს, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ქართველი ჩემპიონის გამოწვევასა და პროვოცირებას. თავად ორი დივიზიონის ქამრის მფლობელი "ახალქალაქელისთვის" შანსის მიცემას არ აპირებს.
"ელ მატადორი" თავის გადაწყვეტილებას ხსნის 28 წლის ოპონენტის უპასუხისმგებლობითა და საქმისადმი არასერიოზული მიდგომით. ეს ყველაფერი კი დაიწყო ისლამ მახაჩევთან ჩაშლილი საჩემპიონო ჩხუბით, რომელზეც ცარუკიანი გარკვეული მიზეზების გამო არ გამოცხადდა.
ოფიციალური ვერსიით, სომეხი მებრძოლი დაღესტნელ ჩემპიონთან დაპირისპირებას ჩაეხსნა ტრავმის გამო, თუმცა არსებობს ვერსია, რომ მას წონის ჩაბარებასთან შეექმნა პრობლემა. იმის შემდეგ, არმანი გადაერთო თოფურიას გამოწვევაზე და როგორც ვხედავთ, 22 ნოემბერს ის ორი დივიზიონის ჩემპიონთან აღმოჩნდება ისე ახლოს, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა.















