22 ნოემბერს, ჩვენი დროით 20:00 საათიდან დაიწყება დოჰაში დაგეგმილი UFC-ის ივენთი, რომლის მონაწილე ალექსანდრე თოფურია იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ქართველი მებრძოლისგან.
ალექსანდრე თოფურიას განვლილი გზა კატარამდე
ეს იქნება თოფურიას მეორე ბრძოლა UFC-ში. მისი დებიუტი შედგა მიმდინარე წლის თებერვალში, კოლბი თიქნესის წინააღმდეგ, ვისაც ქართველმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. ის დომინირებდა 3 რაუნდის მანძილზე და გამარჯვებულიც დამსახურებულად გახდა.
ზოგადად კი ალექსანდრეს MMA-ში ჩატარებული აქვს შვიდი ბრძოლა - ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი. ეს წაგება მოხდა 10 წლის წინ, მასზე ბევრად გაბარიტული ივო ივანოვის წინააღმდეგ, რის შემდეგაც "კონკისტადორმა" ხანგრძლივი პაუზა აიღო. ქამბექის შემდეგ, მან ზედიზედ 4 ჩხუბი მოიგო.
29 წლის მებრძოლის ანგარიშზე არის სამი ნოკაუტი, ორი საბმიშენი და ერთი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ UFC-ისთან კონტრაქტის გაფორმებამდე, თოფურიამ 3 ნოკაუტი მიყოლებით გამოაცხო. ვნახოთ, რა იქნება მის მორიგ ჩხუბში, რომელშიც მეტოქე ასევე ნოკაუტების ოსტატია.
ვინ არის მისი მეტოქე?
ალექსანდრეს მოწინააღმდეგე მოახლოებულ ბრძოლაში ბეკზატ ალმახანი იქნება. UFC-ში მას ჩატარებული აქვს ორი ბრძოლა - სადებიუტო ჩხუბში, რომელიც გაიმართა გასული წლის მარტში ყაზახმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვთან წააგო.
ერთი წლის შემდეგ, "თურანელმა მეომარმა" ნოკაუტით ბრედ კატონასთან გაიმარჯვა. ზოგადად კი მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 2 მარცხი არის. აღსანიშნავია, რომ თავისი ჩხუბების 80%-ზე მეტი 26 წლის მებრძოლმა სწორედ ნოკაუტით მოიგო. UFC-ში მოხვედრამდე, მის ანგარიშზე 9 ნოკაუტი ფიქსირდებოდა.
წინ, ალმახანს მოუწევს ქართული ბარიერის დაძლევა, მიწაზე, სადაც UFC-ის ივენთი აქამდე არ გამართულა. მისი მოწინააღმდეგე იქნება კონკისტადორი, ანუ სწორედ ის, ვინც ახალი მიწის დასაპყრობად მოემართება. წონა ჩაბარებულია, ჩხუბისთვის ყველაფერი მზად არის.
სხვა ბრძოლები
თოფურიასა და ალმახანის ბრძოლა იქნება პრელიმში, რიგით მეოთხე - მარეკ ბულო-დენზელ ფრიმენის, ნურულო ალიევი-შაქიმ როკის, ისმაილ ნაურდიევი-რაიან ლოდერის ჩხუბების შემდეგ. რაც შეეხება მთავარ ქარდს, ცხადია, პირველ რიგში გამოსარჩევია არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის დაპირისპირება.
სომეხი მებრძოლი ოქტაგონში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მისი უკანასკნელი ბრძოლა იყო გასული წლის აპრილში, ჩარლზ ოლივეირასთან, რომელიც "ახალქალაქელმა" სფლით დისიჟენით მოიგო. ამ ჩხუბის შემდეგ, მას ჰქონდა სატიტულო ბრძოლის შანსი ისლამ მახაჩევთან, მაგრამ 29 წლის მებრძოლი იმ ივენთს წელის ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ასევე გამოსარჩევია ერთ დროს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ბელალ მუჰამადის ბრძოლა იან გარისთან. კლასიკური შემთხვევა, როცა ერთი მებრძოლი ეცდება საჩემპიონო რელსებზე დაბრუნებას, მეორე კი საჩემპიონო ფუნდამენტის შექმნას.















