ქართველი UFC-ის ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი, რამდენიმე საათის წინ, უმსუბუქესი წონის ლეგენდას - დემეტრიუს ჯონსონს გადაცემაში ესტუმრა, სადაც მან საკუთარი სპორტული კარიერის მრავალი საკითხი მიმოიხილა. ინტერვიუს მსვლელობისას, მერაბმა ასევე ყურადღება დღიურ რუტინაზეც გაამახვილა, რის შედეგადაც ვიგებთ, რომ ქართველი მებრძოლისთვის გარკვეული სპორტული ნორმები პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
"დროს გახურებაში ან გაწელვაში არ ვხარჯავ, პირდაპირ ვარჯიშს ვიწყებ. საქართველოში, ჭიდაობის ვარჯიშებზე 40 წუთს მხოლოდ ტანვარჯიშს უთმობენ, რის გამოც ვარჯიშს დაღლილები აგრძელებენ. ეს რაღაც მხრივ კარგიცაა, თუმცა მე უკვე ასაკში ვარ და არსებული ენერგიის უმეტესობა მინდა ნამდვილ ვარჯიშს დავუთმო. რაც შეეხება ძილის ხანგრძლივობას, ვცდილობ, რომ 8 საათი გამომივიდეს, თუმცა ზოგჯერ 6 საათი მძინავს, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ვიღვიძებ და დარბაზში დროულად მივდივარ."
მიმდინარე წელიწადი MMA-ს სამყაროში ტექნოლოგიური ინოვაციებით გამორჩეული პერიოდია, რომელიც წარმატებულ ათლეტთა უმეტესობას ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ეხება საბრძოლო სახეობებს, სადაც ტრამვის რისკი მაღალია. აშკარაა, რომ ქართველი "მანქანისთვის" ზემოხსენებული საკითხი მნიშვნელოვანი არაა და მისთვის პრიორიტეტს მეტად პირდაპირი, უხეში გზით ვარჯიში წარმოადგენს.















