UFC-ის მსუბუქი წონის ამჟამინდელ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში, ჯასტინ გეიჯის მენეჯერი - ალი აბდელაზიზი მიიჩნევს, რომ ქართველი მებრძოლი საკუთარ ჭიდაობის უნარებს მეტად გამოიყენებს.
ჯასტინმა (26-5 MMA, 9-5 UFC) უკვე არაერთხელ დააფიქსირა, რომ იგი საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს. მისი მენეჯერის აზრით, ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება მართლაც სამართლიანი იქნება, თუმცა აღიარებს, რომ ამერიკელ ათლეტს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კონკურენტი ჰყავს.
"არაფერი შეცვლილა, ჯასტინი თავის პოზიციაზე მყარად დგას, ამ ყველაფერში კი მე მას მთლიანად ვუჭერ მხარს. სწორი იქნება, თუ მას სატიტულო შეხვედრას მისცემენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს შანსი არმან ცარუკიანს მიეცემა, მე მათ არ შევედავები, რადგან ის პირველ ნომრად ითვლება და საოცარი მოგებათა სერია აქვს.
მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ჯასტინს გვერდს აუვლიან და სხვას მისცემენ ამ შანსს, არმანის გარდა. თუ ცარუკიანი დენ ჰუკერთან იბრძოლებს, ამ შემთხვევაში ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება გეიჯისა და თოფურიას დაპირისპირება იქნება."
თუ გეიჯის მართლაც ჩაენიშნება სასურველი ბრძოლა "ელ მატადორთან" (17-0 MMA, 9-0 UFC), აბდელაზიზი დარწმუნებულია, რომ „ჰაილაითის“ წინასწარ ჩამოწერა არასწორი ჩანაფიქრი იქნება.
"ეს სერიოზული შეჯახებაა. ვისაც პირველი მოხვდება, ის დაიძინებს. შესაძლოა ილიამ ჭიდაობა სცადოს ჯასტინთან, რადგან ჯასტინი ზედმეტად სახიფათო მებრძოლია იმისთვის, რომ წინ ედგე და დარტყმები გაუცვალო. მთლიანობაში, ილია შესანიშნავი სტრაიკერია, გეიჯიც ძალიან საშიში და ძლიერია. გულწრფელად გეტყვით – ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლაა, რომელიც ამჟამად UFC-ში შეიძლება შედგეს."















