უმართან ბრძოლა
"როგორც იცით, UFC-ში მარცხით დავიწყე. რა თქმა უნდა, რთული იყო. ქამარზე მაშინ არც კი ვოცნებობდი, ბრძოლიდან ბრძოლამდე ვფიქრობდი. ო'მალისაც რომ მოვუგე, მაშინაც კონკრეტულად ამ ბრძოლის მოგებაზე ვიყავი კონცენტრირებული და ქამარზე დიდად არ ვფიქრობდი. როცა ქამარი გამიკეთეს, თითქოს შოკში ვიყავი, არ მჯეროდა.
ახლა, უმარს რომ მოვუგე, ბევრი რამ შეიცვალა. უკვე შემიძლია, მაშინ ვიბრძოლო, როცა მინდა და ა.შ. ქამარი ჩემთვის ყველაფერი არ არის. ცხადია, არ ვაპირებ, რომ ის ვინმეს დავუთმო. სპორტია, ცხოვრებაა, მე ბრძოლა მიყვარს - აქ, MMA-ში მაქსიმუმის გასაკეთებლად ვარ. მოკლედ, კიდევ ერთხელ: ქამარი ჩემთვის ყველაფერი არ არის.
მთავარია ბრძოლა და ამ სპორტში მაქსიმუმის გაკეთება. ის ფიქრობდა, რომ ყველა ასპექტში მომიგებდა და ყველაფერი იკადრა, მაგრამ ყველამ დაინახა, რაც იყო და ახლა ყველა დასცინის. ზოგადად ეგრეა, რასაც ბრძოლის წინ ილაპარაკებ, მერე გიბრუნდება".

პროგრესი, საჩემპიონო მენტალიტეტი, უკვდავი კარდიო
"ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან გავიზარდე. სტერლინგის გარდა სპარინგ პარტნიორები არ მყავდა. ყველანაირად გავიზარდე - ტექნიკა, ხედვა. რაც მთავარია, თუკი აქამდე დგომში ბრძოლა არ მიჩვენებია, ახლა, უმართან ვაჩვენე. როცა დამჭირდება, ჩემს არსენალს ყოველთვის გამოვიყენებ. ო'მალისთან არ მჭირდებოდა და ამიტომ არ ვაჩვენე.
ცხოვრებაშიც და სპორტშიც გამოწვევებია - ხან ტრავმაა, ხან გაუთვალისწინებელი მომენტები. ფეხის ტრავმა იმდენად მძიმე არ იყო, ჭრილობა იყო, თუმცა მენტალურად მაინც მოქმედებს. თუმცა ასეთია ცხოვრებაც, ძლიერი უნდა იყო და მაქსიმუმი გააკეთო. პლუს, დადებითად უნდა იყო განწყობილი.
კარდიო? ყველაფერს ვერ ვიტყვი (ჩაიცინა). მთავარია ვარჯიში, გამოცდილება და შრომა. აქაც ვარ, ავსტრალიაშიც...სულ ვვარჯიშობ, ვვითარდები. ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი მაქვს და კიდევ უკეთეს მერაბ დვალიშვილს ნახავთ. უმართან ჩხუბშიც უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ არ გავრისკე, უმარიც ცოტა დავინდე და გავერთე. ხაბიბის გუნდთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ, უმარია ეგოისტი და ამპარტავანი".

MMA-ს საქართველოში განვითარება, შემდეგი ვიზიტი
"ვცდილობ, რომ საქართველოში MMA-ს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. რას და როგორ ვაპირებ, ამასთან დაკავშირებით სიახლეებს მალე გაიგებთ. UFC საქართველოში? - ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. რადგან მე და ილია ჩემპიონები ვართ, საქართველოში ვერ ვიბრძოლებთ. PPV ქარდი იქნება და საქართველოში ვერ ჩატარდება ასეთი მასშტაბის ბრძოლები.
საქართველოში უნდა ჩატარდეს "ფაით ნაით" ტურნირი და ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო. მაგალითად, მთავრობის მხრიდან მზაობა, UFC-ს პირობების დაკმაყოფილება. უაითს ვინც ესაუბრა საქართველოზე, ჩემი მეგობარია. გიგაც წლებია ამაზე მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია. ივნისში ვაპირებ, რომ ნინა დრამა და სხვა მეგობრები საქართველოში ჩამოვიყვანო და ჩვენი ქვეყანა დავათვალიერებინო".

ალექსანდრე თოფურიას ფაქტორი
"ჩემი აზრით, ისიც გახდება ჩემპიონი. აქამდე, ილიას გამო თავისი კარიერა თითქოს დაპაუზებული ჰქონდა, ახლა უკვე UFC-შია და გვიჩვენებს, რა შეუძლია. ადრე ლას-ვეგასში მეორე ქართველი არ იყო, ახლა სინდიკატში რამდენიმე ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან არ ვსპარინგობთ, მაინც ერთად ვართ და დიდ საქმეს ერთად ვაკეთებთ.
ალექსანდრეს თავისი გზა აქვს. მინიმუმ 2 წელი დასჭირდება, ჩემპიონობამდე რომ მივიდეს. ადრეც მითქვამს, ალექსანდრე რომ გახდება პრეტენდენტი, დავთმობ ქამარს - ან ზემოთ ავალ, ან ქვემოთ ჩავალ ან სუპერ-ბრძოლებს ჩავატარებ. მეგობრულად მოვგვარდებით და ზოგადად, ეს კარგი პრობლემაა".

მომავალი მეტოქე
"მომდევნო ბრძოლა ივნისში მექნება და მოწინააღმდეგე ან პიოტრ იანი უნდა იყოს, ანაც ო'მალი. ამის შემდეგ უკვე ნოემბერში, ნიუ იორკში მინდა ვიბრძოლო. ეს თუ არ გამოვიდა, მაშინ დეკემბერში. მინდოდა, წელს ჯამში 4 ბრძოლა გამემართა, მაგრამ რეალისტურად თუ შევხედავთ, 3 გამოვა.
ყველაზე რთული მეტოქე? - ჟოზე ალდო. იმ ბრძოლაში დომინაცია გამიჭირდა. პიოტრ იანიც რთული მეტოქე იყო, მაგრამ მაშინ ისეთი მოტივირებული ვიყავი, ადვილი არ იყო, თუმცა ბრძოლა მაინც დომინანტურად მოვიგე. პანტოჟა? - თუ UFC მისცემს მას შანსს, წონაში ამოვიდეს, უპრობლემოდ დავუპირისპირდები. კარგი მებრძოლია და პატივს ვცემ მას. ასე რომ, მასთან დაპირისპირება პრობლემა არ იქნება. თუმცა მანამდე ჩემს წონაში არსებულ მებრძოლებზე ვარ ფოკუსირებული".

ილია VS ისლამი
"თითქმის მთელი MMA სამყარო ამ ბრძოლაზე ფიქრობს და ოცნებობს. ისლამი კი ჭიდაობს, ასე იგებს ბრძოლებს, მაგრამ ჭიდაობით ილიას ვერაფერს დააკლებს და ილიას ფეხზეც შეუძლია დაანოკაუტოს. დაღესტნელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან. საბრძოლო ხელოვნებაში ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ყოველთვის იგებდნენ შეჯიბრებს.
ამავდროულად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ზეციური ძალები არ ეხმარებათ. ჩვეულებრივი სპორტსმენები არიან და მათი დამარცხება სხვებს შეუძლიათ, როგორც ჩემ შემთხვევაში ნახეთ. ხაბიბი დაუმარცხებელი კი წავიდა, მაგრამ უბრალოდ, სათანადო მეტოქე არ შეხვედრია".

















