ყველა ამბავს თავის დასაწყისი აქვს, ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიყო, თუმცა მთავარი აგური მაშინ დაიდო, როცა ცივილურ სამყაროს მიღმა დარჩენილ საბჭოთა საქართველოში ფეხბურთმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო და გაიმარჯვა, მერე დიდხანს ელოდა გამარჯვების გვირგვინს, 34 წლის განმავლობაში იყო რთული დღეები, კიდევ უფრო რთულიც, უიმედოდ დარჩენილი გულშემატკივარი და ზოგი მოქილიკეც - „გააუქმეთ ფეხბურთი“ - თუმცა 2024 წლის 26 მარტმა ყველა ყველა წარუმატებლობა გააბათილა.
მთელს მსოფლიოში ევროპის ჩემპიონატს უყურებენ და საქართველოს დროშა ყველგან ფრიალებს, ჰყვებიან ამბებს პატარა ქვეყნის დიდ გამარჯვებაზე და ჩვენი გუნდის ვარსკვლავების თამაშს ელოდებიან.
სპორტი ეროვნული იდენტობის ნაწილი რომაა ჩვენს ქვეყანაში ყველამ კარგად იციან, აქ არავინ ამბობს ფეხბურთელები ან მხოლოდ ნაკრები თამაშობს ევროპაზე, „ევროპაზე გავედით“, „ევროპაზე ვართ“ - რადგან ეს არაა მხოლოდ ნაკრების გამარჯვება ეს არის ყველას გამარჯვება და ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რა შეგვიძლია როცა ერთად ვართ.
ყველა სხვადასხვანაირად ელოდა ამ გამარჯვებას, საბჭოთა სისტემის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში ეროვნული ნაკრების გაფიქრებაც დანაშაულად ითვლებოდა, მაგრამ ქართველების მთავარი სურვილი ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესი და ეროვნული ნაკრები. სისტემის რყევის ფონზე ქართულ ფეხბურთს იმედი მიეცა, ნგრევამ კი ფრთები მისცა.
1990 წლის 27 მაისს, როცა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი (ამხანაგური) გამართა ლიეტუვასთან ყველა მიხვდა რომ წარმოუდგენელი რაღაცებიც შეიძლება მოხდეს.
დღეს ყველას ევროპის ჩემპიონატისთვის აქტუალურ საერთო კითხვაზე, - ევროპაზე ვის გულშემატკივრობ? - საერთო პასუხი გვაქვს - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოში და მთელ მსოფლიოში სადაც ქართველები არიან დრო ჩერდება და ახალი ისტორიის ათვლა იწყება. დღეს თბილის დროით 20:00 საათზე დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატის მატჩზე, სიგნალ იდუნა პარკზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში თურქეთს დაუპირისპირდება, მატჩი დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე თბილისის დროით, 20 საათზე დაიწყება.
სტადიონის ენერგეტიკა კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას ქმნის, 81 365 ტევადობის სტადიონზე დღეს ქართულად მოისმენთ, „ნურაფრის ნუ გეშინია..,“ არასოდეს არ გაჩერდეეე, გული გრძნობით ივსებაა, საქართველოს სიამყეეე, ჩვენი ერის ღირსებაა,“ „ზრაპრის ბოლო კეთილიაა,“ .......
და თუ ჩემს La Gazzetta dello Sport Georgia-სთვის 26 მარტის, საბერძნეთის მატჩამდე მომზადებულ სიუჟეტს „თუ-ს“ ჩამოვაშორე, დიახ, თუ-ს გარეშე ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება - "ჩვენი სამშობლოს ჰიმნს მთელი მსოფლიო ევროპირველობიდან მოისმენს, ამ ამ ტრიბუნიდან დაწყებული ხმა მთელ სამყაროს მიწვდება, ქომაგები კი ეროვნული იდენტობის მთავარ მახასიათებლებთან ერთად, მთელ მსოფლიოს უჩვენებენ ნამდვილი ქომაგობის ძალას და მთელ სამყაროს შეახსენებენ რომ „აფხაზეთი საქართველოა,“ სამაჩაბლო საქართველოა“.
ყველა „თუ“ გაქრა - ეს ყველაფერი მართლა ხდება - საქართველო დღეს ევროპაზე თამაშობს!












