ქუთაისის ტორპედოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:
„1921 წელს რუსული წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პასუხად, ქუთაისში საფეხბურთო კლუბი „ბაში-აჩუკი“ ჩამოყალიბდა. აკაკი წერეთლის იმავე სახელწოდების ნაწარმოების ზნეობრიობით, ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით გამორჩეული პერსონაჟის სახელი კლუბის იდენტობის გამომხატველი და იმერელი ხალხის სიამაყის საფუძველი თავიდანვე გახდა.
კლუბმა ამ სახელით ფუნქციონირება ორი წელი შეძლო, რის შემდეგაც მან „ი. ხარაბაძის სახელობის ქუთაისის საფეხბურთო კლუბის“ სახელწოდებით განაგრძო ასპარეზობა.
საბჭოთა რეალობის გათვალისწინებით ქუთაისური კლუბი ავტოქარხნის მუშათა კლუბად იდენტიფიცირდა და 1946 წელს მას „ტორპედო“ ეწოდა.“
ზურაბ ჯავახაძის სტატიაში „ფეხბურთი ქუთაისში“, რომელიც 1991 წლის 26 მარტს გაზეთში დაიბეჭდა შემდეგი მწირი ინფორმაციაა გადმოცემული: „1921 წელს ქუთაისში კიდევ ერთი ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა „ბაში-აჩუკის“ სახელწოდებით, რომელიც 1923 წლიდან იოსებ ხარაბაძის სახელს ატარებდა.“
სამწუხაროდ სტატიაში არც ამ გუნდის მნიშვნელობაზე და არც თუნდაც მის „პირველ კატეგორიად“ იდენტიფიცირებაზე არაფერია ნათქვამი, რაც სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდში ამ გუნდის იდენტობის გაყალბების მცდელობის ინერციითაა განპირობებული. ამავე დროს, დადებითი გარემოებაა ის, რომ სტატიაში კლუბ „ბაში-აჩუკის“ ფოტო სათანადო მითითებითაა გამოყენებული და მისი ძირითადი შემადგენლობაც დასახელებული. გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სხვა სტატიაში და ქართულ ფეხბურთზე გადაღებულ ფილმშიც კი („გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“, სტუდია მემატიანე, 1987) იგივე ფოტო კლუბის სახელის მითითების გარეშეა გამოყენებული.
ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობის განმარტებით, არ იგეგმება კლუბის ისტორიული სახელის „ბაში-აჩუკის“ აღდგენა, თუმცა კლუბი სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს რაც ამ კლუბის დამაარსებლებმა მის იდენტობასთან გააიგივეს. ქუთაისის ტორპედოს მყარი ნებაა, იყოს ისეთივე სამართლიანი და შეუპოვარი, როგორიც აკაკი წერეთლის თვალით დანახული მისი თანამედროვე იმერელი კაცი იყო და ამავდროულად, ფეხი აუწყოს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს - დააინტეგრიროს გუნდში როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტალანტები და დაეხმაროს ფეხბურთელებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის განვითარებაში.














