ბაიერნთან ჩატარებული საოცარი მატჩის შემდეგ, უცხოური პრესის მთავარი სალაპარაკო თემა რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ფრანგული, ბრიტანული, იტალიური და გერმანული გამოცემები მხოლოდ 25 წლის ქართველ ფეხბურთელზე წერს და საუბრობს.
გუშინდელი დღის შემდეგ არაერთმა ჟურნალისტმა და გულშემატკივარმა გაიხსენა იმ კლუბების ჩამონათვალი, რომლებიც გასულ წლებში ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებოდნენ, თუმცა ტრანსფერი სხვადასხვა მიზეზის გამო არც ერთ შემთხვევაში არ შედგა — ამ სტატიაში სწორედ ამ კლუბებზე მოგიყვებით.
ნაპოლიში ტრანსფერამდე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს 4 კლუბი იჩენდა: იუვენტუსი, ტოტენჰემი, ბაიერნი და ლიდს იუნაიტედი.
ყველა მათგანის მხრიდან ინტერესი რეალური და დადასტურებული იყო. მეტიც, მის დამატებასთან ყველაზე ახლოს ჯერ იუვენტუსი იყო, შემდეგ კი ტოტენჰემი. ორივე შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელის შეძენას ფაბიო პარატიჩი ცდილობდა — ჯერ "ბიანკონერის“ სპორტული დირექტორის რანგში, შემდეგ კი "დეზების“, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არც ერთ კლუბში არ შედგა.
ბაიერნის და ლიდს იუნაიტედის ინტერესი კი ინტერესად დარჩა, რადგან ვერც გერმანელებმა გარისკეს ქართველი ტალანტის დამატება და ვერც ინგლისელებმა.
2025 წელს, პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერამდე საქმეში ორი ინგლისური კლუბი იყო, კერძოდ ლივერპული და ჩელსი. როგორც მერსისაიდელების, ისე ლონდონელების ინტერესიც რეალური და დადასტურებული იყო, თუმცა ინტერესი მხოლოდ ინტერესად დარჩა.
არნე სლოტი ლუის დიასის პოტენციურ შემცვლელს ეძებდა, რადგან ლუჩო სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას გეგმავდა, ხოლო ჩელსის ახალი მარცხენა ვინგერი სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, ორივე კლუბი საქმიდან დაახლოებით ერთ კვირაში გავიდა და ხვიჩა კვარაცხელიაც პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. შეგახსენებთ, ფრანგულმა გრანდმა ქართველი ფეხბურთელი სულ რაღაც €70 მილიონად შეიძინა.
რაც შეეხება მომავალს, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში ბედნიერია და გუნდის შეცვლას უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გეგმავს. მსგავსი პოზიცია აქვს კლუბის ხელმძღვანელობასაც, რომლებიც მისი პერფორმანსით აღფრთოვანებულები არიან. შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენთან არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €120/130 მილიონს შეადგენს.












