მილანში 2026 წლისთვის მზადება დაიწყეს და როგორც ირკვევა, სან სიროს ბინადრებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი უკვე დახურეს, რომელსაც უახლოეს კვირებში ოფიციალურად წარადგენენ.
საუბარია კოლუმბიის 20-წლამდე ნაკრების მარცხენა მცველზე, კერძოდ ხუან არისალაზე, რომელიც კარიერას მილანურ გრანდში გააგრძელებს. იტალიური კლუბი დეპორტივო ინდეპენდიენტე მედელინს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €3-4 მილიონს გადაუხდის, რაც კოლუმბიის უმაღლესი ლიგისთვის სარეკორდო თანხა იქნება. ხუან არისალას იტალიაში მიმდინარე თვეში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ხუან არისალა დეპორტივო ინდეპენდიენტე მედელინის აღზრდილია, სადაც ჯამში უკვე 51 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ფეხბურთელი კოლუმბიის 20-წლამდე ნაკრების შეუცვლელი წევრია და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოახერხა მოხვედრა. ყველა სპორტულმა გამოცემამ თუ ჟურნალისტმა ხუან არისალა ჩემპიონატის საუკეთესო განაპირა მცველად დაასახელა.
20 წლის ფეხბურთელს შემოთავაზებები ინგლისიდან, გერმანიიდან და ბელგიიდანაც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში მილანი ჩაერთო, ხუან არისალამ უპირატესობა რა თქმა უნდა "როსონერის" მიანიჭა და ტრანსფერიც დაიხურა.













