პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მანჩესტერ სიტიმ ჩელსისთან მნიშვნელოვანი ქულების გარდა ორი სასტარტო შემადგენლობის მცველიც დაკარგა — საუბარია რუბენ დიაშსა და იოშკო გვარდიოლზე, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და არის საშიშროება, რომ საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდხანს დააკლდებიან. ტრავმა აწუხებს ჯონ სტოუნსსაც და სწორედ ამიტომ, პეპ გვარდიოლამ სასწრაფო წესით ახალი ცენტრალური მცველის დამატება მოითხოვა.
როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, "ქალაქელების" რჩეული ცნობილია და პირველი კონტაქტიც უკვე შედგა. მანჩესტერ სიტის #1 სამიზნე მარკ გეჰია და ინგლისელი მცველის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაწყებულია!
მანჩესტერ სიტი კრისტალ პალასს რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდა, სადაც პეპ გვარდიოლას გუნდმა 25 წლის ინგლისელი მცველის თაობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ "არწივებს" კაპიტნის შუა სეზონში გაყიდვა არ სურთ, "ქალაქელები" ყველაფერს გააკეთებენ, რომ მარკ გეჰის ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს.
შეგახსენებთ, მარკ გეჰი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მის სიტუაციას ტოპ კლუბები უკვე თვეებია, რაც ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერ სიტის ინგლისელი მცველის დამატება მიმდინარე თვეშივე სურს. უახლოეს დღეებში 25 წლის მოთამაშის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













