ამ პრობლემების მიუხედავად, მენეჯმენტი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას მაინც ახერხებს. მატეო გაბიას ახალი კონტრაქტის შემდეგ, მილანთან ახალ ხელშეკრულებას კიდევ 3 ფეხბურთელი გააფორმებს, კერძოდ მაიკ მენიო, ტიჯანი რეინდერსი და კრისტიან პულისიკი. სამივე მათგანთან გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რაც დროის საკითხია.
ფეხბურთელები კლუბთან ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ — მენიოსა და პულისიკის წლიური ხელფასი €5 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება რეინდერსის ანაზღაურებას, ნიდერლანდელის ხელფასი €3.5 მილიონი გახდება.
ახლა კლუბი თავიდან ბოლომდე ტეო ერნანდესის ახალ კონტრაქტზე გადაერთვება. გუშინ ფეხბურთელის აგენტი კაზა მილანში, კლუბის უფროსობას შეხვდა, სადაც ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შედგა საუბარი. ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, უფროსობის სურვილია მხარეებმა ახალი ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გააფორმონ. ცნობილია მილანის პირველი შეთავაზება: ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასი €5 მილიონი + სოლიდური ბონუსები. ის ფაქტი, რომ ფეხბურთელს მილანში დარჩენა სურს, მენეჯმენტს საქმეს ბევრად უადვილებს. მხარეებს შორის ახალი შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.














