ბაიერნში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს "რეკორდმაისტერი" ზაფხულში. ამ სიაში მოხვდა კიმ მინ-ჯეც, რომლის სანაცვლოდაც ბაიერნი ყველა შეთავაზებას განიხილავს. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემები ადასტურებენ.
"ჩაგდებული ტრანსფერი" — ასე ეხმაურებიან გერმანიაში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის გარიგებას. ფაქტია, თავიდან მოლოდინები სულ სხვა იყო, როდესაც ბაიერნმა ცენტრალური მცველის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა და ნაპოლიდან ტრანსფერი დახურა. ამ სეზონში კიმ მინ-ჯე შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რასაც ტრავმებიც ემატება. ფეხბურთელის არასტაბილური თამაშის გამო, ბაიერნი ამ სეზონში საკმაოდ ბევრჯერ დაზარალდა.
ვენსან კომპანისთან შეთანხმების საფუძველზე, კლუბმა სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა. ბაიერნში ფიქრობენ, რომ თუ კიმ მინ-ჯეს გაყიდვა მოხერხდება, გუნდი ბევრად ძლიერი ცენტრალური მცველის დამატებას შეძლებს. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი, დაახლოებით, €30-40 მილიონია.













