ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ უფრო და უფრო ხურდება — ევროპის მასშტაბით ტოპ კლუბები მომდევნო სეზონისთვის მზადებას აქტიურად შეუდგნენ. წინა კვირებში რამდენიმე საინტერესო გარიგება უკვე გაიჩარხა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, შესაბამისად, წინ საკმაოდ ბევრი საინტერესო ტრანსფერი გველოდება.
მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადება გალათასარაიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. თურქულმა გრანდმა ლეროი ზანეს ტრანსფერი უკვე დახურა, ილქაი გიუნდოგანის დამატებაზე მუშაობა კი გრძელდება. თუმცა სტამბოლელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ — როგორც ირკვევა, გალათასარაი ჰაკან ჩალჰანოღლუს გარიგებაზე მუშაობს! დიახ, თურქული კლუბი ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის დასამატებლად, მეტიც, უახლოეს დღეებში 31 წლის ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა მოხდება, სადაც მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრებენ.
ამ მომენტისთვის უცნობია ინტერისა და თავად ფეხბურთელის პოზიცია პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია გალათასარაი თურქი ნახევარმცველის გარიგებაზე მუშაობს. ჰაკან ჩალჰანოღლუს "ნერაძურისთან" არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €30-40 მილიონია. თურქი ფეხბურთელის გალათასარაიში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.













