საფრანგეთის ლიგა 2 ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაიწყო. პირველი ტურის მატჩი ჩაატარა სენტ-ეტიენმაც, რომელიც გასვლაზე სტეიდ ლავალის დაუპირისპირდა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელიც საბოლოო ჯამში ფრედ, 3-3 დასრულდა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმაც, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა გუნდის ლიდერებზე ისაუბრა.
"დავითაშვილი და სტასინი ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, რომლებსაც ამბიციები გააჩნიათ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ სენტ-ეტიენის წარმატებისთვის, რათა შესანიშნავი მომავალი ჰქონდეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურებში ორივე მათგანი უფრო მეტს ითამაშებს. ორივე ფეხბურთელის დახმარება გვჭირდება."
როგორც ჩანს სენტ-ეტიენის პოზიცია უცვლელია და კლუბი ყველაფერს გააკეთებს ზურიკო დავითაშვილის შესანარჩუნებლად. ასევე უცვლელი პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელსაც, რომელსაც გუნდის დატოვება სურს. ზურიკო დავითაშვილის გეგმებში არ შედის მომდევნო სეზონის ლიგა 2-ში გატარება, შესაბამისად, 24 წლის ვინგერი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ გუნდში გადავა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ზურიკო დავითაშვილი ბევრ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა სენტ-ეტიენს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ დრომდე ერთი შეთავაზებაც კი არ მიუღია. ფრანგული კლუბი ზურიკოს დაახლოებით €15 მილიონად აფასებს, რაც ბევრი კლუბისთვის როგორც ჩანს საკმაოდ სოლიდური თანხაა.
შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება, შესაბამისად, წინ 21 დღეა, რა დროშიც დავითაშვილი იმედოვნებს, რომ მისი ტრანსფერი შედგება.













