ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი, ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად ზურიკო დავითაშვილის ახალ გუნდში გადასვლას ელის.
დავითაშვილმა გასულ სეზონში სტ.ეტიენის მაისურით ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა, გუნდს ულიდერა, თუმცა სტ.ეტიენი ლიგა 1-დან გავარდა.
ქართველმა ფეხბურთელმა წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში დაიწყო და საწიყის 2 ტურში 2 გოლიც გაიტანა, მაგრამ ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, თავად ფეხბურთელიც ტრანსფერის მოლოდინშია.
ფაქტია, დავითაშვილმა "მწვანეებში" თავისი თავი ამოწურა, ლიგა 2-ში თამაში კი მისთვის უბრალოდ სეზონის დაკარგვა იქნება.
ყველაზე რეალური მსურველი ბეშიქთაშია, მაგრამ ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სხვა ვარიანტების მოლოდინშია, თუნდაც საფრანგეთის ლიგა 1-ის კარგი კლუბისგან. თავის მხრივ, ზურიკოს სანაცვლოდ სტ.ეტიენი ისეთ თანხას ითხოვს, რომ კლუბების უმრავლესობას ეს ტრანსფერი ამ ფასად არ უღირს.
ბეშიქთაშს კი გეგმა B აქვს შემუშავებული. თუ უახლოეს 1 კვირაში დავითაშვილი ვერცერთ კლუბს ვერ შეუთანხმდება და სტ.ეტიენში დარჩება, ბოლო, გადამწყვეტ შეთავაზებას თურქული კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გააკეთებს.
ევროპულ ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება, თურქეთში კი 12 სექტემბერს - ბეშიქთაში სწორედ ამ პრიორიტეთით ისარგებლებს და ასე შეეცდბა ზურიკოს წაყვანას.













