როგორც რამდენიმე თვის წინ უკვე მოგახსენეთ, დორტმუნდი ჯუდ ბელგინგემის უმცროსი ძმით, ჯობით სერიოზულად ინტერესდება! გერმანული კლუბის წარმომადგენლები ბელინგემების ოჯახს გასული წლის მიწურულს დაუკავშირდნენ, რა დროსაც მხარეებმა ზაფხულში პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. როგორც ახლა ირკვევა, "შავ-ყვითლები" ამ გარიგებაზე მუშაობას აგრძელებენ, მეტიც, კლუბის უფროსობა რამდენიმე დღის წინ ინგლისშიც კი გაფრინდა, სადაც ჯობის ოჯახთან შეხვედრა მოხდა.
უმცროსი ბელინგემი სანდერლენდის ღირსებას იცავს, მისი სატრასნფერო ფასი კი დაახლოებით €25-30 მილიონია. ჯობს დორტმუნდის ვარიანტი ძალიან მოსწონს, თუმცა მის ტრანსფერზე პრემიერ ლიგის კლუბებიც მუშაობენ. სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებმა დიდი კონკურენციის შესახებ ყველაფერი იციან, შესაბამისად, გერმანელები ამ გარიგების დახურვას უახლოეს კვირებში შეეცდებიან.
19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი სანდერლენდის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ჯობ ბელინგემმა ამ დროში 87 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. უახლოეს პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













