რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, ენდრიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რეალ მადრიდს 100% დატოვებს, დღეს კი ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საქმეში ფრანგული ლიონი ჩაერთო, რომელიც მზადაა 19 წლის ფორვარდი 6-თვიანი მშრალი იჯარით დაიმატოს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
ენდრიკის იჯარით გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სათამაშო დროის გაზრდა მოითხოვა, რაზეც ჩაბი ალონსოსგან უარი მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება, ახალგაზრდა შემტევმა რეალის რამდენიმე თვით დატოვებაზე თანხმობა განაცხადა, რათა სეზონის ბოლომდე რაც შეიძლება ბევრი ითამაშოს და სამუნდიალო განაცხადში მოხვედრა მოახერხოს.
ლიონის გარდა მოსალოდნელია, რომ სხვა ევროპული კლუბებიც გააქტიურდებიან, თუმცა ფრანგები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმება როგორც სამეფო კლუბთან, ისე ენდრიკთანაც, რაც შეიძლება მალე შედგეს. თავად ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით იანვარში მიიღებს.













