
იუვენტუსი ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია — მას შემდეგ, რაც მილანის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ ფიკაიო ტომორის ტრანსფერი დაბლოკა, ტურინელები სხვა ვარიანტებზე გადაერთვნენ და როგორც ირკვევა, "ბიანკონერი" ბარსელონას რონალდ არაუხოს თაობაზე დაუკავშირდა!
დიახ, ტურინელები ურუგვაელი ცენტრალური მცველის დასამატებლად ყველაფერს აკეთებენ. პირველი კონტაქტი შედგა როგორც კლუბთან, ისე ფეხბურთელის აგენტთანაც. შეგახსნებეთ, არაუხოს ბარსელონასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს, კატალონიურმა კლუბმა კი ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა — სეზონის ბოლომდე ურუგვაელი ახალ კონტრაქტს თუ არ გააფორმებს, ზაფხულში გუნდი მას აუცილებლად გაყიდის. სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს იტალიური კლუბი. როგორც კატალონიური და ტურინული წყაროები იუწყებიან, რონალდ არაუხო იუვენტუსში თამაშს სერიოზულად განიხილავს. იტალიური გრანდი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ბარსელონა ურუგვაელ მცველს დაახლოებით €50-60 მილიონად აფასებს.

გუნდი განაპირა მცველის დამატებასაც განიხილავს და როგორც ირკვევა, ფეხბურთელი რომელიც დიდი ალბათობით კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს 21 წლის ალბერტო კოშტაა. პორტუგალიელი სამშობლოში, ვიტორია გიმარაეშის რიგებში თამაშობს. ახალგაზრდა მარჯვენა მცველის დამატებას სპორტინგი და ბრაიტონიც ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში იუვენტუსი ჩაერთო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ტიაგო მოტას სჯერა, რომ ალბერტო კოშტას ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება. საუბარია დაახლოებით €12-15 მილიონიან გარიგებაზე.

და ბოლოს, ფორვარდის პოზიცია, სადაც იუვენტუსს ძალიან უჭირს. დუშან ვლაჰოვიჩის რეგრესი სახეზეა, სწორედ ამიტომ იუვენტუსი ახალი შემტევის დამატებაზე მუშაობს — #1 სამიზნე რანდალ კოლო მუანია, რომელიც პსჟ-ს დასატოვებლად ემზადება. 26 წლის ფრანგი პარიზულ კლუბს უახლოეს დღეებში დატოვებს. ფეხბურთელსა და ლუის ენრიკეს შორის სერიოზული კონფლიქტია.
რანდალ კოლო მუანის დამატებას ევროპის მასშტაბით რამდენიმე კლუბი ცდილობს, მათ შორის იტალიაში მილანიც აქტიურობს, თუმცა ფავორიტი მაინც იუვენტუსია. ტიაგო მოტას სურვილია გუნდმა ახალი ფორვარდი მომდევნო კვირაში დაიმატოს. უახლოეს დღეებში ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის გარდა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.













