ბარსელონაში ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. ჰანსი ფლიკი და დეკუ ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ, შესაბამისად, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლის დამატებასაც კლუბი შეეცდება.
ბარსელონა პირველ რიგში ახალი შემტევის დამატებას გეგმავს. კატალონიელები ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც შეტევაში რამდენიმე პოზიციას ფარავს (მარცხენა ვინგერი და ფორვარდი). ცნობილია, დეკუს ორი მთავარი სამიზნე: ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი.
კატალონიური კლუბი ამ ორი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე თვეა, რაც იჩენს. მეტიც, ბარსელონა მარკუს რაშფორდის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც კი ცდილობდა. როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ინგლისელი ასტონ ვილაში არ დარჩება და უკან, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება, თუმცა, მისი ოლდ ტრაფორდზე დარჩენა გამორიცხულია. მარკუს რაშფორდის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €45-50 მილიონია. რაც შეეხება ლუის დიასს, ლივერპულს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი 28 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ დაახლოებით €70-80 მილიონს გადაიხდის, მერსისაიდელები ტრანსფერს არ დაბლოკავენ. ბარსელონა როგორც რაშფორდის, ისე ლუის დიასის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა.
უახლოეს კვირებში რაშფორდისა და ლუის დიასის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ბარსელონაში სხვა შემტევებსაც ყურადღებით აკვირდებიან — დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჟოან ლაპორტას რაფა ლეაოს კანდიდატურაც ძალიან მოსწონს. პორტუგალიელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €70-80 მილიონია. ფეხბურთელი მილანის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.













