პოტენციურ წამსვლელებში გიორგი მიქაუტაძეც მოიაზრება, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მორიგი გოლი გაიტანა. 24 წლის ფორვარდმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, სტრასბურგს შეუგდო. ქართველ ფეხბურთელს ბოლო 5 მატჩში, 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
ასეთი კარგი სათამაშო ფორმისა და ლიონის ფინანსური პრობლემების ფონზე, ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძის შესაძლო გაყიდვაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. როგორც საფრანგეთში წერენ, თუ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელა, ზაფხულში ლიონს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. 24 წლის ფორვარდის სიტუაციას კი პრემიერ ლიგის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან.
ვესტ ჰემი, ვულვზი და კრისტალ პალასი — დიახ, სამივე გუნდის ინტერესი რეალური და დადასტურებულია! "ჩაქუჩების" ინტერესი ძველი ამბავია, ლონდონელები ქართველი ფეხბურთელის დამატებას 2024 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ. რაც შეეხება კრისტალ პალასს, "არწივები" ჟან-ფილიპ მატეტას პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებენ, რადგან ფრანგი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდია.
ამ მომენტისთვის გიორგი მიქაუტაძის თაობაზე მეტი არაფერია ცნობილი, ლიონს მის თაობაზე ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ როგორც ზემოთ ხსენებული გუნდები, ისე სხვებიც უფრო მეტად გააქტიურდებიან.
















