
სანტიაგო ხიმენესი — გოლეადორი ერედივიზიონიდან, მილანის #1 სამიზნეა! 23 წლის მექსიკელმა ფორვარდმა სულ რამდენიმე საათის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს დუბლი შეუსრულა და პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხიმენესმა მედიასთან ისაუბრა: "ბოლო მატჩი ფეინოორდის მაისურით? ვნახოთ რა მოხდება მომდევნო დღეებში. წინ მნიშვნელოვანი პერიოდია, ყველაფერი კი ღვთის ხელშია."
ამ კომენტარის შემდეგ, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელი იანვარში ფეინოორდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს და ის, რომ მილანი ხიმენესით ინტერესდება, ამის შესახებ უკვე ყველამ იცის. იტალიელები ფეხბურთელის დამატებას ზაფხულშიც განიხილავდნენ, თუმცა მაშინ ფეინოორდმა ტრანსფერი დაბლოკა, თუმცა "როსონერი" საქმეში დაბრუნდა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, მილანი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. ჯოფრი მონკადა ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა და როგორც 23 წლის ფორვარდთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, მექსიკელს კარიერის გაგრძელება მილანში სურს. ფეინოორდი ახალგაზრდა ფორვარდს €35-40 მილიონად აფასებს.
ხიმენესი ფეინოორდის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც ფეხბურთელმა 64 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 14 საგოლე გადაცემაც დაუმატა.













