ჯანლუიჯი დონარუმას პარიზული ისტორია დასასრულს უახლოვდება. როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, იტალიელი მეკარე სუპერ თასის ფინალს გამოტოვებს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესპანელი მწვრთნელისთვის 26 წლის მეკარე ხელშეუხებელი ნამდვილად აღარაა. პარიზელთა კარს ტოტენჰემთან შეხვედრაში გუნდის ახალწვეული ლუკას შევალიე დაიცავს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება, რადგან პარიზელებს არ სურთ მომავალ წელს იტალიელი მეკარის უფასოდ დაკარგვა.
ბოლო საათებში ჯანლუიჯი დონარუმა არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. საუბარი იყო მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსიზე, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, პირველი ნაბიჯი მანჩესტერ სიტიმ გადადგა! დიახ, ინგლისურ კლუბსა და იტალიელი მეკარის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. იმის მიუხედავად, რომ მანჩესტერ სიტიმ ჯეიმს ტრაფორდი დაიმატა, როგორც ჩანს პეპ გვარდიოლას ჯანლუიჯი დონარუმას ყიდვა მაინც სურს.
ჯანლუიჯი დონარუმას მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი დიდწილად ედერსონისა და სტეფან ორტეგას მომავალზეა დამოკიდებული. სანამ "ქალაქელები" იტალიელი მეკარის სანაცვლოდ პირველ შეთავაზებას გააკეთებენ, კლუბი ბრაზილიელის ან გერმანელი მეკარის გაყიდვას შეეცდება. თუმცა, ერთ რამ ფაქტია, სიტიში 26 წლის კარის დარაჯის დამატებას სერიოზულად განიხილავენ და უახლოეს დღეებში ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













