დადასტურებულად — საბა საზონოვი ხეტაფეში აღარ გადავა. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხეტაფემ 23 წლის ცენტრალური მცველი მაინც არ დაიმატა, შესაბამისად, გარიგება ოფიციალურად ჩაიშალა
გუშინდელი დღიდან მოყოლებული ესპანური კლუბის ფინანსურ პრობლემებზე ბევრი იწერებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ხეტაფემ მოახერხა და კრისტანტუს უჩე კრისტალ პალასში €20 მილიონად გაყიდა, რასაც შემდგომში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე 7 გარიგების დახურვაც მოჰყვა. გეგმის მიხედვით, მერვე ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგაში უნდა დარეგისტრირებულიყო საბა საზონოვი იყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, გარიგება აღარ შედგა.
მას შემდეგ, რაც საბა საზონოვი ემპოლიდან ტორინოში დაბრუნდა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ქართველი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა. განიხილებოდა იტალიურ ან ფრანგულ კლუბებში გადასვლაც, თუმცა ყველაზე კარგი შეთავაზება ხეტაფემ გააკეთა. ქართველი ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ ეს გარიგება არ შედგა.
ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, საბა საზონოვი კი ამ დრომდე ტორინოს საკუთრებაში რჩება, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა ამ დრომდე ღიაა, შესაბამისად, არის შანსი 23 წლის ფეხბურთელმა ტურინული კლუბი მაინც დატოვოს.













