ატლეტიკო მადრიდი სეზონის წინ სერიოზულ განაცხადს აკეთებს! ჩოლო სიმეონეს გუნდის დაანონსებული შეტევა სატრანსფერო ფანჯარაზე, დაწყებულია — რობინ ლე ნორმანის და ალექსანდერ სორლოთის შემდეგ, გუნდი კონორ გალაგერსაც დაიმატებს! როგორც ესპანური გამოცემები წერენ, 24 წლის ნახევამრცველი დღეს მადრიდში ჩაფრინდება, სადაც ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მხარეებს შორის €40 მილიონიანი გარიგება შედგა.
ჩელსი, რომ 24 წლის ინგლისელის გაყიდვას გეგმავდა, ამის შესახებ ივნისის თვეში გაცნობეთ. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს ლონდონური გუნდის დატოვება არ სურდა, მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში მაინც შედიოდა. მიზეზი? ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩელსის გაყიდვები სჭირდებოდა, გალაგერი კი კლუბის აღზრდილია და მისი გაყიდვა უეფას Fair Play-ში კარგად აისახება.
კონორმა ატლეტიკოში ტრანსფერზე თანხმობა სულ რამდენიმე საათის წინ განაცხადა... მადრიდელები კი ამაზე გაჩერებას არ აპირებენ — "კოლჩონეროსი" უახლოეს საათებში ხულიან ალვარესის ტრანსფერსაც დახურავს, მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ!














