ტრანსფერი დაიხურა, ლეროი ზანე ბაიერნიდან კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ბოლო დეტალები სულ რამდენიმე წუთის წინ შეათანხმეს, 29 წლის გერმანელ ვინგერს სტამბოლში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ლეროი ზანე თურქულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, მისი წლიური ანაზღაურება კი დაახლოებით €15 მილიონი იქნება.
ბაიერნი და ლეროი ზანე ახალ ხელშეკრულებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მხარეებმა შეთანხმება მაინც ვერ მოახერხეს. გამოცდილი გერმანელი ვინგერით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ — საქმეში იყვნენ არსენალი, ტოტენჰემი, ნაპოლი, ფენერბაჰჩე და საუდის კლუბებიც, თუმცა ამის მიუხედავად ლეროი ზანემ პრიორიტეტი გალათასარაის მიანიჭა.
ლეროი ზანე ბაიერნის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 220 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 61 გოლი და 55 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, გალათასარაი ლეროი ზანეს ტრანსფერს კვირის ბოლომდე დაადასტურებს.













