ამ სტატიაში ვისაუბრებთ ამ სამი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, რადგან სამივე მათგანი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ვირჯილ ვან დაიკი — გუნდის კაპიტანი, რომელიც თუ მოედანზეა, გუნდი გოლს თითქმის არ უშვებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ნიდერლანდელთან ახალი კონტრაქტის ამბავი წესით და რიგით მალე მოგვარდება. კლუბმა პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა, რომელიც საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რაც ფეხბურთელს სურს. განსხვავება შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის, არც ისე დიდია, შესაბამაისად, უახლოეს პერიოდში დიდი შანსია მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ. საუბარია კონტრაქტის მინიმუმ 2-წლით გახანგრძლივებაზე. ვირჯილ ვან დაიკის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი — ინგლისელის თაობაზე საუბარს რეალ მადრიდით დავიწყებთ, რადგან სამეფო კლუბი უკვე რამდენიმე თვეა რაც ტრენტის ტრანსფერზე მუშაობს. ფლორენტინო პერესი ახალ მარჯვენა მცველს ეძებს და 26 წლის ფეხბურთელი #1 სამიზნეა. მხარეებს შორის ახალი კონტაქტი რამდენიმე კვირის წინ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ლივერპულმა ტრენტს ახალი კონტრაქტი მალე არ გაუფორმა, რეალ მადრიდი საბოლოო შეტევაზე გადავა და ფეხბურთელს სრულიად უფასოდ ჩაიგდებს ხელში. რა სიტუაციაა ამ მომენტისთვის ლივერპულთან მიმართებაში — ენფილდის ბინადრები და ტრენტის აგენტი ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია რაც მუშაობენ, თუმცა ამ მომენტისთვის არავინ იცის, რამდენად ახლოს არიან შეთანხმებასთან. ერთი რაც ცნობილია ისაა, რომ ინგლისელი საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ითხოვს, რაც მერსისაიდული კლუბისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
მო სალაჰი — გუნდის უპირობო ლიდერი და შეიძლება ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც. ეგვიპტელი უბრალოდ წარმოუდგენლად კარგია და მისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით, გუნდი სრული სვლით წინ მიიწევს. დიდი შანსია 32 წლის შემტევის კარიერაში, ეს საუკეთესო სეზონიც კი იყოს. სალაჰს ლივერპულში დარჩენა სურს, ეს დადასტურებულია, თუმცა ისიც დადასტურებულია, რომ კლუბს ამ დრომდე მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია, რის გამოც ფეხბურთელი განაწყენებულია. თუმცა, ეს დიდი ალბათობით მალე შეიცვლება — მერსისაიდელები ახალ შეთავაზებას ძალიან მალე გააკეთებენ, რადგან ეგვიპტელი ფეხბურთელის შენარჩუნება მათთვის პრიორიტეტულია. საუბარია 1 ან 2-წლით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაზეც მო თანახმაა. ჯერჯერობით უცნობია ფინანსური დეტალები.
სამივე ფეხბურთელის თაობაზე წლის ბოლომდე სიახლეებს ველოდებით. ლივერპულში ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორც გუნდის კაპიტანი, ისე ტრენტიც და სალაჰიც შეინარჩუნონ, თუმცა რამდენიმად გამოუვათ ეს ყველაფერი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.













