მანჩესტერ სიტიში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, შესაბამისად, პეპ გვარდიოლასა და უგო ვიანას წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდებათ. ამ ყველაფერს ემატება მოახლოებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც, რომელიც სტარტს 15 ივნისს აიღებს.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მანჩესტერ სიტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 ფეხბურთელს დაიმატებს. მთავარი სამიზნეები უკვე ცნობილია: ტიჯანი რეინდერსი, მორგან გიბს-უაითი და რაიან შერკი.
ტიჯანი რეინდერსთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება, რაც აშკარად დროის საკითხია. "ქალაქელები" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებენ. საუბარია დაახლოებით €65-70 მილიონიან გარიგებაზე.
რაც შეეხება მორგან გიბს-უაითს, მანჩესტერ სიტი ამ ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობს. ფლორიან ვირცის ჩაშლილი გარიგების შემდეგ, კლუბი თავიდან ბოლომდე ინგლისელი ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთო. ნოტინგემ ფორესტი 25 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €60-70 მილიონად აფასებს.
და ბოლოს, რაიან შერკის კანდიდატურა — ლიონი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ €35-40 მილიონამდე ითხოვს. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტი ამ მომენტისთვის შერკის დამატებაზეა კონცენტრირებული და როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელიც თანახმაა ამ ტრანსფერზე.
უახლოეს დღეებში, მანჩესტერ სიტი ორი გარიგების დახურვას გეგმავს. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, პეპ გვარდიოლას გუნდი ივნისის დასაწყისში ორ ფეხბურთელს წარადგენს.













