რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ზაქარი ატეკამე იანგ ბოიზიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 20 წლის შვეიცარიელ განაპირა მცველს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €10 მილიონს გადაიხდის.
მილანი, რომ ახალ მარჯვენა მცველს ეძებდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. განიხილება გელა დუეს კანდიდატურაც, თუმცა სტრასბურგმა მილანის ყველა შეთავაზება დაბლოკა, სწორედ ამიტომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი გეგმა B-ზე გადაერთო და ზაქარი ატეკამეს გარიგებაც დაიხურა.
ზაქარი ატეკამე იანგ ბოიზის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 45 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მილანი შვეიცარიელ მარჯვენა მცველს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს.













