გალათასარაის უფროსობამ ორივე ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა, ასევე, პირველი კონტაქტი შედგა ქართველისა და ნიგერიელის აგენტებთანაც. ამ მომენტისთვის უცნობია ლიონისა და ფეხბურთელების პოზიცია პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, ლიონი იანვარში ყველა შეთავაზებას განიხილავს.
შეგახსენებთ, ლიონის ფინანსური დავალიანება €508 მილიონს შეადგენს! ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცუდმა სპორტულმა შედეგებმა, ლიონი ფინანსურად დააზარალა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნა ცნობილი გახდა — თუ ლიონი სეზონის ბოლომდე ფინანსურ სიტუაციას არ გამოასწორებს, გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდება! გუნდს ასევე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატებაც აეკრძალა. ფრანგული კლუბი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას შეეცდება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იანვარში ლიონს ყველა მათგანი დატოვებს. ყველაფერი სატრანსფერო შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორი კვირაა დარჩენილი, შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას უახლოეს დღეებში შეგვიტყობთ.














