რომა ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, ერთ-ერთ ვარიანტად კი გიორგი მიქაუტაძე განიხილებოდა. ახალგაზრდა შემტევმა იტალიური გუნდის ყურადღება ევრო 2024-ზე მიიქცია, სადაც ის 3 ბურთით ტურნირის საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა. "ჯალოროსი" მართლაც ფიქრობდა ქართველი ფორვარდის გაფორმებაზე, მაგრამ ის მშობლიურ ლიონში დაბრუნდა.
ოლიმპიკის თავდამსხმელის არშემდგარი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა, დანიელე დე როსიმ:
"არ მაქვს უფლება ვისაუბრო სხვა კლუბის მოთამაშეების შესახებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მიქაუტაძით მართლაც ვიყავით დაინტერესებულნი და სატელეფონო საუბრებიც გვქონდა.
არ მინდა საუბრის შინაარსის დაკონკრეტება, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ კონტაქტი ჩვენს შორის მართლაც იყო", - განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველი ფორვარდი გადავიდა "თეთრებში", "კაპიტოლინი" კი სხვა კანდიდატებზე გადაერთო. ყველაზე ახლოს ამ კლუბში გადასვლასთან არტიომ დოვბიკი არის.
უკრაინელი თავდამსხმელი მადრიდის ატლეტიკოში მიდიოდა, თუმცა შემდეგ საქმეში ოლიმპიკოს ბინადრები ჩაერთვნენ, რის შედეგადაც ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორი კალჩოში გადასვლისკენ გადაიხარა. დე როსი ეძებს ფორვარდს, რომელიც ლუკაკუსა და აბრაჰამის წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს შეავსებს.
როგორც ვიცით, ბელგიელი თავდამსხმელი რომამ არ გამოისყიდა, ინგლისელი შემტევი კი ტრანსფერზე არის დაყენებული. აქვე დავამატებთ, ჟირონას გოლეადორის გარდა, "ჯალოროსის" სახელს ფედე კიეზასაც უკავშირებენ.















